ევროკავშირიდან გასვლის ბოლო წამებს ბრიტანელები ერთად დაითვლიან - ინტერვიუ ბრიტანელ მკვლევარ მეთ ბევინგტონთან

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ისტორიული განშორება 31 იანვარს შედგება. გაერთიანებულ სამეფოში ამ დღეს პომპეზურად აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ინიციატივით, დაუნინგ სთრითის კედელზე საათს გამოსახავენ და  ევროკავშირიდან გასვლამდე ბოლო წამებს ბრიტანელები ერთად დაითვლიან. საგანგებოდ ამ დღეს გაიმართება მთავრობის სხდომა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პრემიერი მოსახლეობას მიმართავს. პარლამენტის შენობასთან გაერთიანებული სამეფოს დროშას გამოფენენ. 31 იანვარს, ბრეტსითის დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან  დიდი ბრიტანეთის დროშას დაუშვებენ.  დროშას ევროპის ისტორიის მუზეუმში გადაიტანენ.

ბრექსიტს წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებები და ცხარე დებატები როგორც ევროკავშირში, ისე დიდი ბრიტანეთშიც. ლონდონმა ბრიუსელთან შეთანხმების რატიფიცირება მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გაიმართა და უმრავლესობა კონსერვატორებმა მოიპოვეს.

დიდი ბრიტანეთში  არჩევნებისა და ბრექსიტის  შედეგებზე ვესაუბრეთ კვლევითი ცენტრის „დიდი ბრიტანეთი ცვალებად ევროპაში“ მკვლევარ მეთ ბევინგტონს.

პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რამდენად ასახავს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები გაერთიანებული  სამეფოს საზოგადოების განწყობას და არსებობს თუ არა ახალ პარლამენტში კონსენსუსი „ბრექსიტისშესახებ?

ეს ორი განსხვავებული საკითხია. პირველი უკავშირდება საარჩევნო სისტემას, რომლიც უნდა ასახავდეს ამომრჩეველთა ნებას. როგორც მოგეხსენებათ, მაჟორიტარულ სისტემაში უპირატესობა დიდი პარტიებს აქვთ. თუ დიდ ბრიტანეთში პროპორციული სისტემა გვექნებოდა, მაშინ ლიბერალ-დემოკრატები 80-დან 90-მდე ადგილს მიიღებდნენ პარლამენტში. მაჟორიტარული სისტემით კი,  მათ მხოლოდ 10 მანდატი მიიღეს. ასე რომ, დღეს დიდ ბრიტანეთში მოქმედი სისტემა პარტიებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. თავის მხრივ, მაჟორიტარული სისტემის ამოცანა უმრავლესობის ფორმირებაა, რათა მთავრობამ ქვეყნის მართვა ეფექტურად შეძლოს. ამ კუთხით, ამ სისტემამ ამოცანა შეასრულა და მთავრობას პარლამენტში დღეს დიდი უმრავლესობა ჰყავს. რა შეეხება ბრექსიტის შესახებ საზოგადოების მოსაზრების ასახვას პარლამენტში. საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის წევრობის შესახებ დაყოფილია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პირველი რეფერენდუმის შედეგები, სადაც მოქალაქეებმა ევროკავშირიდან გასვლა აირჩიეს, უნდა შესრულდეს. სწორედ ეს არის საკითხი, რამაც კონსერვატორებს გამარჯვება მოუტანა, ხოლო სხვა პარტიებმა ეს დროულად ვერ გააცნობიერეს. ევროკავშირში დარჩენის მომხრეები ცდილობდნენ, საზოგადოებაში არსებული დაყოფით ესარგებლათ. მათ ვერ გაიაზრეს, რომ ევროკავშირში დარჩენის მომხრეებიც კი ფიქრობენ, რომ ბრექსიტი უნდა შედგეს, რადგან ეს სამართლიანია. როდესაც ხალხს ეკითხები, რეფერენდუმზე რა უნდა გავაკეთოთ, მაშინ მთავრობამ ამ პასუხის მიხედვით უნდა იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, დღეს პარლამენტი დიდი ბრიტანეთის საზოგადოების აზრს გამოხატავს.  პროევროპული ნაწილი შედეგით უკმაყოფილოა, მაგრამ ეს შედეგი ასახავს ხალხის სურვილებს.

ანუ ბრექსიტი გარდაუვალია?

ბრექსიტის შეჩერების შანსი დღეს ნულის ტოლია. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს იანვრის ბოლოს აუცილებლად დატოვებს. კითხვის ნიშნების დასმა შეიძლება ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით. მთვრობას ჯერ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული, რამდენად ახლო ურთიერთობები სურთ ევროკავშირთან. ერთი მხრივ, ისინი აცხადებენ, რომ სურთ მჭიდრო თანამშრომლობა,  სავაჭრო შეთანხმება,  თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. მეორე მხრივ, ისმის განცხადებები, რომ ყველა ეს შეთანხმება წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს. ეს კი წარმოუდგენელია. ტრადიციულად ბორის ჯონსონმა ჯერ არ იცის, რა სურს. ვფიქრობ, ბორის ჯონსონი მოიქცევა ისე, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკური სარგებელი მიიღოს. პოლიტიკურად მომგებიანი კი არის ის, რაც ხალხს სურს. დღეს ბრიტანელებს ევროკავშირის დროებით დავიწყება სურთ და ითხოვენ, რომ მთავრობამ უფრო მეტი ყურადღება ჯანდაცვის სფეროზე, ინფრასტრუქტურაზე გაამახვილოს. ჯონსონი ამას ხვდება. სწორედ ამიტომ, როდესაც იანვრის ბოლოს დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, ჩვენ მთავრობისგან სიტყვა “ბრექსიტს” აღარ მოვისმენთ. ჯონსონს ამაზე საუბარიც კი აღარ სურს. ევროკავშირთან მოლაპარაკებებიც კულუარებში გადაინაცვლებს. პრემიერ-მინისტრი შეეცდება, ეს შეთანხმება ისე გაფორმდეს, რომ საზოგადოების დიდი ყურადღება აღარ მიიქციოს. ასეთ შემთხვევაში, მთავრობას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, ევროკავშირთან დათმობაზე წავიდეს, რადგან საზოგადოების კონტროლი მოდუნებული იქნება.

რაც შეეხება ევროკავშირთან მომავალ ურთიერთობებს, რა შეიძლება იყოს ყველაზე პრობლემატური?

ამ მოლაპარაკებებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ  არ ეხება ბარიერების მოხსნას. პირიქით, დიალოგი მიმდინარეობს იმ ბარიერებზე, რომელთა დაწესებაც მხარეებს სურთ. ასე რომ, ამ კუთხით ეს უნიკალური პროცესია. ამასთან ერთად, მოქალაქეები ელოდებიან, რომ იანვრის ბოლოს, როდესაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გადახალისდება. ბორის ჯონსონი ბევრ მინისტრს შეცვლის. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, რა სიგნალს მიიღებს ბრიუსელი. თუ ჯონსონი თავიდან მოიცილებს ბრექსიტის ყველაზე ხისტ მომხრეებს, მაშინ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება, ხოლო თუ პირიქით მოხდა, მაშინ ამას არ უნდა ველოდოთ. ამ ეტაპზე ეს ბორის ჯონსონის ერთ-ერთი საიდუმლოა. ხალხმა არ იცის პრემიერ-მინისტრის სამომავლო გეგმები. ჩემი აზრით, ჯონსონი რადიკალი პოლიტიკოსი არ გახლავთ. მას სურს, კომპეტენტურად მართოს ქვეყანა. საბოლოო ჯამში, ის დათანხმდება იმ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც  ყველაზე მეტად აწყობს. ჩემი პროგნოზით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ნულოვანი კვოტები და ტარიფები დაწესდება. მცირე ტარიფები იქნება ფინანსურ სერვისებზე. 2020 წელს ამ საკითხებზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველოდება თევზჭერის წესზეც. დიდი ბრიტანეთი საკუთარ ტერიტორიულ წყლებში თევზჭერის უფლების გაცემას იოლად არ დათმობს. აღსანიშნავია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებიც. ამ შემთხვევაში ლონდონის პოზიციები ძლიერია. დიდ ბრიტანეთს თავდაცვის მეტი საშუალებები აქვს, გაცილებით დიდია დიპლომატიური ქსელიც. ასე რომ, ლონდონს შეუძლია ვაჭრობა. ის მიმართავს ევროკავშირს – თუ გსურთ ჩვენი დახმარება, მონაცემებთან წვდომა, მაშინ ეკონომიკურ საკითხებზე დათმობაზე უნდა წამოხვიდეთ. თავის მხრივ, ევროკავშირი შეეცდება, ეს საკითხები გამიჯნოს, თუმცა ლონდონი ამას არ დათანხმდება.

რაც შეეხება შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას, თქვენი პროგნოზით, რა გამოწვევების წინაშე დადგება ლონდონი „ბრექსიტისშემდეგ?

შოტლანდიის პრობლემა იმაზე დიდია, ვიდრე ეს მთავრობას წარმოუდგენია. ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ მას შეუძლია, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე შოტლანდიის მთავრობას უარი უთხრას და შოტლანდიელები ვერაფერს შეცვლიან. ეს სრული სიმართლე არ გახლავთ. კანონით, შოტლანდიის მთავრობამ  უნდა მიმართოს გაერთიანებულ სამეფოს, რათა რეფერენდუმი ჩაატაროს. უარის შემთხვევაშიც კი, მათ შეუძლიათ, სარეკომენდაციო ხასიათის რეფერენდუმი გამართონ. არ გამოვრიცხავ, რომ შოტლანდიის პირველი მინისტრი ასეც მოიქცეს. ამ შემთხვევაში რეფერენდუმის შედეგები შესასრულებლად სავალდებულო არ იქნება, მაგრამ მოქალაქეების განწყობა გამოჩნდება. შოტლანდიისთვის ბორის ჯონსონის მთავრობა, რომელიც ბრექსიტს უჭერს მხარს, საოცნებოა, რადგან შოტლანდიის ხელისუფლება 10 წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში არ დარჩება, მაშინ მას ეყოლება კონსერვატიული მთავრობა, რომელიც არ მოუსმენს და არ სცემს პატივს შოტლანდიას. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, აქ ვითარება ჯერ გაურკვეველია. ახალ პარლამენტში ჩრდილოეთ ირლანდიის ყველა პარტია გაერთიანდა. ამის მიზანი გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ბარიერების მინიმუმამდე დაყვანა იყო. საუბარია ნაციონალისტური და იუნიონისტური პარტიების კოალიციაზე, რაც თავისთავად საინტერესოა. ჩემი აზრით, ბორის ჯონსონი ამ შემთხვევაში სათანადოდ ვერ აფასებს სიტუაციას.  ახალი პარლამენტის  მთავრი ფუნქცია ქვეყნის გაერთიანება უნდა იყოს, თუმცა ჯერ ამას ვერ ვხედავთ.

თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ ჩამოთვალეთ ის ნაბიჯები, რომელიც ბრექსიტამდე უნდა გადადგან ლონდონსა და ევროკავშირში

ამჟამად დარჩა სულ რამდენიმე ნაბიჯი. თემთა პალატამ შეთანხმება უკვე დაამტკიცა. ევროპარლამენტი კი, ამ  შეთანხმებას 29 იანვარს უყრის კენჭს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს  31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დატოვებს. ამის მოჰყვება ე.წ. გარდამავალი პერიოდი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

და ბიგ ბენი დარეკავს ბრექსიტის დღეს?

მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცი. ამის სურვილი  დეპუტატების ნაწილს ჰქონდა. ცხადია, ბორის ჯონსონი ცდილობს ხალხის გაერთიანებას, რათა საზოგადოებაში არსებული დაყოფა დაძლეული იყოს. ყველა ეს პომპეზური ღონისძიება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის მოქალაქეებს ეუბნება, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს ტოვებს და ამით ომი დასრულებულია.

მსოფლიოს ამბები