ევროკავშირი სომხეთს 25 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი სომხეთს 25 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს დახმარების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში დამატებით 25 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიუსელში ევროკავშირი-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეორე სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

საბჭოს სხდომაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მონაწილეობდნენ.

„საბჭო ხაზს უსვამს ამ რესურსების საუკეთესო გამოყენების საჭიროებას, რათა მოხდეს რეფორმების შედეგების მაქსიმალიზაცია და მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ სომხეთის დასახმარებლად ევროკავშირს 2017-2020 წლებისთვის გამოყოფილი აქვს 160 მილიონ ევროზე მეტი. ბრიუსელში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების შესრულებას სავაჭრო ბრუნვის ზრდისთვის.

ევროკავშირი სომხეთს ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. ბრიუსელში ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებისა და ბიზნესგარემოს პირობების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

დატოვე კომენტარი