ევროკავშირი საბერძნეთის მიერ მაკედონიის სახელწოდების ცვლილებაზე შეთანხმების დამტკიცებას მიესალმება
ევროკავშირი საბერძნეთის მიერ მაკედონიის სახელწოდების ცვლილებაზე შეთანხმების დამტკიცებას მიესალმება

ევროკავშირი საბერძნეთის პარლამენტის მიერ მაკედონიის სახელწოდების ცვლილების შესახებ შეთანხმების დამტკიცებას მიესალმება. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი რეგიონის ევროპულ პერსპექტივას ახალ იმპულსს შესძენს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებაში.

„რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დავის დასარეგულირებლად საჭირო იყო ყველა მხარის პოლიტიკური სიმამაცე, ლიდერობა და პასუხისმგებლობა. ორივე მხარემ გამოიყენა ეს უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ევროპას შერიგების მაგალითს აძლევს და რეგიონის ევროპულ პერსპექტივას დამატებით იმპულსს სძენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მოუთმენლად ველოდებით შეთანხმების სრულად განსახორციელებლად საჭირო მომდევნო პროცედურულ ნაბიჯებს, უკვე დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ათენმა და სკოპიემ ერთად დაწერეს ევროკავშირის საერთო მომავლის ახალი ფურცელი“, – აღნიშნულია ევროპელი პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაში.

შეთანხმება, რომლის მიხედვითაც იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია უნდა ეწოდოს, საბერძნეთის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

შეთანხმებას 300-ადგილიან პარლამენტში 153-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 146 კი, წინააღმდეგი იყო.

ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების გაფორმება ორ სახელმწიფოს შორის მრავალწლიან დავას დაასრულებს და მაკედონიას ნატო-სა და ევროკავშირის კარს გაუღებს.