ევროკავშირი ლიბიის ამბოხებულთა ლიდერს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტრიპოლიზე შეტევა
ევროკავშირი ლიბიის ამბოხებულთა ლიდერს მოუწოდებს, შეწყვიტოს ტრიპოლიზე შეტევა

ევროკავშირი ლიბიის ამბოხებულთა ლიდერს, გენერალ ხალიფა ჰაფთარს მოუწოდებს, ლიბიაში სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, შეწყვიტოს ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლიზე შეტევა.

გენერალ ხალიფა ჰაფთარის მებრძოლებმა ტრიპოლიში ერთადერთ მოქმედ აეროპორტზე განახორციელეს საჰაერო იერიში. გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად მატიგას აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. აეროპორტის ტერიტორიიდან მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა.

ტრიპოლის სამხრეთით მიმდინარე დაპირისპირების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 25 ადამიანი დაიღუპა, 80 დაჭრილია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გუშინ, უსაფრთხოების მიზნით, ლიბიიდან საკუთარი სამხედროები დროებით გაიყვანა.

ლიბიაში ამერიკელი ჯარისკაცები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივ ძალებს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ, ასევე იცავდნენ დიპლომატიური მისიის შენობებს.