ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე ისევ ვერ შეთანხმდა
ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე ისევ ვერ შეთანხმდა

ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე ისევ ვერ შეთანხმდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბელარუსისთვის სანქციების დაწესების ინიციატივა კვიპროსმა დაბლოკა. კვიპროსის მთავრობა უარს აცხადებს მინსკისთვის შეზღუდვების დაწესების მხარდაჭერაზე, ვიდრე ევროკავშირი სანქციებს თურქეთს არ დაუწესებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში კვლევითი საქმიანობისთვის.

„არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთიანი პოზიცია, რადგან ერთი ქვეყანა არ მონაწილეობს კონსენსუსში“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ შეთანხმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე იქნება მიღწეული, რომელიც 12 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

„მე შესანიშნავად ვაცნობიერებ, რომ სასწორზე ჩვენდამი ნდობა დევს“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ბელარუსი მაღალჩინოსნების „შავ სიაზე“ მუშაობს, რომლებიც 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებლები.