ევროკავშირი აშშ-ის მიერ ესპანურ ზეთისხილზე ტარიფების დაწესებას გაასაჩივრებს 
ევროკავშირი აშშ-ის მიერ ესპანურ ზეთისხილზე ტარიფების დაწესებას გაასაჩივრებს 

ბრიუსელი ვაშინგტონის მიერ ესპანურ ზეთისხილზე საიმპორტო ტარიფების დაწესებას ხვალ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა დღეს სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მალმსტრომის მიხედვით, აშშ-ის მიერ ესპანური ზეთისხილის იმპორტზე დაწესებული ტარიფები უსამართლოა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წესებს ეწინააღმდეგება.

„ხვალ ამ საკითხს მსო-ს დავების განხილვის სისტემაში შევიტანთ და აშშ-სთან კონსულტაციებს მოვითხოვთ. ევროკომისიამ ეს საკითხი ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრისას უკვე რამდენჯერმე წამოჭრა. ესპანეთის მთავრობასთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის მწარმოებელთა ინტერესების დაცვას“,- განაცხადა ევროკომისარმა.

აშშ-ში ესპანური ზეთისხილის იმპორტის ღირებულებამ 2017 წელს 67.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ესპანური ზეთისხილი მეტისმეტად იაფია და თანაც, სუბსიდიებით სარგებლობს. ამიტომ, ვაშინგტონმა ზეთისხილზე ე.წ. ანტისუბსიდიის და ანტიდემპინგური ტარიფები დააწესა.

ანტისუბსიდიური ტარიფების განაკვეთები 7.52-დან 27.02 პროცენტს შორის მერყეობს, ხოლო ანტიდემპინგური კი, 16.88-25.50 პროცენტს შორის მერყეობს.

მსო-ს წესების მიხედვით, სარჩელის შეტანიდან 60 დღის განმავლობაში მოდავე მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმებას მიაღწიონ. ამ ვადის გასვლის შემდეგ ევროკავშირს შეუძლია მსო-ს სასამართლო წესით საქმის განხილვა მოსთხოვოს. თუმცა, მოცემულ მომენტში მსო-ს დავების განხილვის სისტემა პრობლემის წინაშე დგას, რადგან ოფიციალური ვაშინგტონი სავაჭრო დავების მოსამართლეების დანიშვნას ბლოკავს.

წლის ბოლოს სამი მოქმედი მოსამართლიდან ორი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ახლად შესული დავების განხილვა მათ წასვლამდე ვერ მოესწროს და გაურკვეველი ვადით გადაიდოს.