ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ორი შეხვედრა გაიმართა
ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ორი შეხვედრა გაიმართა

გუშინ ტალინსა და კიევში ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი შედგა. B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი – იტალიის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და მეტოქეს უპრობლემოდ – 92:84 სძლია.

იტალიელთა შორის ყველაზე შედეგიანი, 18 ქულით ამადეო ტესიტორი იყო. მაკედონიელთა რიგებში კი 24 ქულითა და 12 გადაცემით ორმაგი დუბლი დიმიტრევიჩმა შეასრულა. იტალიას B ჯგუფში 4-დან 4 მოგება აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. დღეს ამავე ჯგუფში ორი მატჩი შედგება. იტალიელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან. ჩრდილოეთ მაკედონია კი რუსეთს შეხვდება.

გუშინ სლოვენიამ კიევში გამართულ მატჩში უნგრეთი ანგარიშით 84:72 დაამარცხა. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს კიდევ 7 შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები 19:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსნებთ, რომ 16:00 საათზე სპორტის სასახლეში ასევე შედგება ფინეთისა და შვეიცარიის შეხვედრა, რომელსაც ასევე პირველ არხზე იხილავთ.