ევრობასკეტის ქართული რეკორდები - შენგელიას 329 ქულა, შერმადინის 35 მატჩი, სანაძის 36 სამქულიანი, მამუკელაშვილის ათეული #1TVSPORT
ევრობასკეტის ქართული რეკორდები - შენგელიას 329 ქულა, შერმადინის 35 მატჩი, სანაძის 36 სამქულიანი, მამუკელაშვილის ათეული #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეექვსე ევრობასკეტს თამაშობს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი ყველაზე წარმატებული გამოვიდა, თუმცა როგორც კაპიტანი თორნიკე შენგელია ამბობს, მიღწეულით არავინ კმაყოფილდება. გუნდი მეოთხედფინალშია და ფინეთთან დიდი ბრძოლისთვის ემზადება.

ბევრისთვის „ჯვაროსნების“ წარმატება მოულოდნელია, მაგრამ ვინც ჩვენი კალათბურთის ისტორიას იცნობს და დღევანდელი ნაკრების შესაძლებლობებიც მოეხსენება, გუნდის მეოთხედფინალში გასვლა ნამდვილად არ გაუკვირდება.

იყო დრო, ქართველი კალათბურთელი ევრობასკეტის ფინალში აგდებდა 23 ქულას. ეს გახლდათ სამგზის ევროპის ჩემპიონი ოთარ ქორქია. ასევე სამჯერ აქვს მოგებული ევროპა გურამ მინაშვილს, ამ მხრივ კი რეკორდსმენი ზურაბ საკანდელიძეა – ოთხგზის ევროპის ჩემპიონია.

ჩვენც გავაერთიანოთ მე-20 და 21-ე საუკუნის სტატისტიკა და ვნახოთ, ვინ არის ბომბარდირი, ვის მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ა.შ.

ქულებში რეკორდსმენი ოთარ ქორქიაა, თუმცა მას თორნიკე შენგელია უახლოვდება, რომელსაც ლეგენდის შედეგამდე 28 ქულა აშორებს.

ევრობასკეტებზე გამართული მატჩების რაოდენობით ოთარ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე ლიდერობენ – 36-36. ფინეთთან მატჩში მათ გიორგი შერმადინი დაეწევა. მეტსაც გეტყვით, ეს იქნება გიორგის მეორასე შეხვედრა საქართველოს ნაკრებში. საინტერესოა, რომ შერმადინმა სწორედ მიმდინარე ევრობასკეტზე გადაასწრო მანუჩარ მარკოიშვილს და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. და შერმოს კიდევ ერთი რეკორდი – არცერთ ქართველ კალათბურთელს არ უთამაშია ევროპის 6 ჩემპიონატზე.

ევრობასკეტი 2025-ზე კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა: აქამდე ყველაზე მეტი, 34 სამქულიანი მანუჩარ მარკოიშვილს ჰქონდა ჩაგდებული. მას დუდა სანაძემ გადაასწრო, რომელის ანგარიშზე ევრობასკეტებზე უკვე 36 რეალიზებული სამქულიანია.

ბომბარდირთა ათეულში შევიდა სადრო მამუკელაშვილი, რომელსაც ორ ევროპის ჩემპიონატზე სულ რაღაც 11 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ 161 ქულა აქვს.

ევრობასკეტის ბომბარდირები

ოთარ ქორქია – 36 მატჩი, 357 ქულა.

თოკო შენგელია – 25 მატჩი, 329 ქულა.

გიორგი შერმადინი – 35 მატჩი, 254 ქულა.

მანუჩარ მარკოიშვილი – 23 მატჩი, 246 ქულა.

ვიქტორ სანიკიძე – 19 მატჩი, 220 ქულა.

ზაზა ფაჩულია – 16 მატჩი,  216 ქულა.

დუდა სანაძე – 25 მატჩი, 202 ქულა.

ზურაბ საკანდელიძე – 36 მატჩი, 201 ქულა.

გიორგი ცინცაძე – 27 მატჩი, 170 ქულა.

სანდრო მამუკელაშვილი – 11 მატჩი, 161 ქულა.

მიხეილ ქორქია – 20 მატჩი, 129 ქულა.

გოგა ბითაძე – 9 მატჩი, 121 ქულა.