ევრობასკეტის პლეი ოფში გასასვლელად საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ევრობასკეტის პლეი ოფში გასასვლელად საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტებზე თავის 34-ე მატჩს ატარებს. მისი მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინაა, რომელთან შეხვედრაც 4 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

 

ისტორიული მნიშვნელობა:

„ჯვაროსნები“ მეექვსე ევრობასკეტს ატარებენ და ხუთ შემთხვევაში ბოლო ტურში გადაწყდა მათი მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი – ორჯერ დადებითად. ჩვენს გუნდს თითო ევრობასკეტზე ორზე მეტი მატჩი ერთხელაც არ მოუგია, ამჯერად კი ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია – ორი გამარჯვება უკვე აქვს და თუ ბოსნიას დაამარცხებს, პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. პლეი ოფი კი მერვედფინალიდან იწყება.

ოღონდ ჯგუფში რომელ ადგილზე გავა, უკვე დღის ბოლო შეხვედრის, საბერძნეთი-ესპანეთის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგების შემთხვევაშიც რჩება მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის აუცილებელია, საბერძნეთმა ესპანეთი დაამარცხოს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა. ესპანეთი და კვიპროსი კი ევრობასკეტს დაემშვიდობებიან. ასე რომ, დღეს ესპანეთიც ჩვენი გულშემატკივარია.

ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მერვედფინალში საუკეთესო ოთხეული გადის და შეხვდება D ჯგუფის წარმომადგენელს: საფრანგეთს, პოლონეთს, ისრაელს ან სლოვენიას. ბელგია და ისლანდია შეჯიბრებას უკვე გამოეთიშნენ.

 

ურთიერთშეხვედრები:

90-იან წლებში საფეხბურთო ნაკრები ყველაზე მეტად ბულგარელთა ძლევით (2:1) ამაყობს, ხოლო კალათბურთელები – ბოსნიელთა დამარცხებით (77:66).

სიმბოლურია, რომ ეს ორი მატჩი თბილისში ერთ დღეს გაიმართა – 1995 წლის 11 ოქტომბერს. მეორე დღეს გაზეთი „სარბიელი“ ასეთი სათაურით გამოვიდა: „11 ოქტომბერი – გამარჯვების დღე-სასწაული“.

საქართველო-ბოსნიის მატჩის კომენტატორმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა თამამი შედარება გააკეთა: დაცვაში ვლადიმერ სტეფანია იგივეა, რაც პელე ბრაზილიის ნაკრებშიო… ის მაშინ სამმაგ დუბლს მიუახლოვდა.

მეორე ტაიმის ბოლოს გია სანაძის მორიგი შორეული ტყორცნის შედეგად მასპინძლები 12 ქულით დაწინაურდნენ – 51:39. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი თბილისური მატჩი 77:66 მოიგო.

დღეს საქართველოს ნაკრებში ჯამლეტ ხუხაშვილის აღზრდილი გიორგი შერმადინი და გია სანაძის ვაჟი დუდა თამაშობენ. დროც შეიცვალა, 90-იან წლებში თუ NBA-ში ერთი კალათბურთელი ვლადიმერ სტეფანია გვყავდა, ამჯერად იქ გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არიან. შესაბამისად, გამარჯვების მეტოქეზე მეტი შანსი გვაქვს. ამას სპეციალისტებიც აღიარებენ.

საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სულ შვიდჯერ აქვს ნათამაშები (სამი გამარჯვება). მეორე მოგება იყო 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე, სტუმრად – 96:95. ეს გახლდათ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მატჩი. თუმცა განმეორებით შეხვედრაში კიდევ უფრო ეფექტური სანახაობა ვიხილეთ: თავიდან ბოლომდე დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანს მირზა ტელეტოვიჩმა ასევე სამიანით უპასუხა და ბოსნია-ჰერცეგოვინამ 107:103 გაიმარჯვა.

კომენტარი:

ალექსანდრ ჯიკიჩი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

„ბოსნია-ჰერცეგოვინა პერიმეტრიდან კარგად ტყორცნის, მაღალი დონის წინახაზელებიც ჰყავს. ასე რომ, როგორც თორნიკე შენგელიამ თქვა, „ძაღლების ბრძოლას“ ველით. ბოსნიელები გამოვლენ ყველაფრით, რაც გააჩნიათ, ჩვენც გავიღებთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. ძალიან მძიმე თამაშს ველით. ეს იქნება საკალათბურთო ომი“.

თორნიკე შენგელია:

„საბერძნეთს აქამდე წაგება არ ჰქონდა და ბოსნიასთან დამარცხდა. ასეთ გუნდთან გამარჯვება იოლი არ არის. ვნახეთ, როგორ თამაშობს ბოსნია-ჰერცეგოვინა და ვეცდებით, საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ მასთან მატჩს. სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება, რომელი გუნდი გავა პლეი ოფში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ორივე გუნდისთვის“.

ადის ბეჩირაგიჩი:

„არ ვიცი, წაიკითხეთ თუ არა, თუმცა ევროპის ჩემპიონატის სტარტამდე ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები ყურადღების იმსახურებდა. მაშინ ვთქვი, რომ თუკი ბოსნია-ჰერცეგოვინა ვერ შეძლებდა, მაშინ საქართველოს ეროვნული გუნდი შემოგვთავაზებდა სიურპრიზს. ეს პირველივე ტურში მოხდა, როდესაც საქართველომ ესპანეთი დაამარცხა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ევროპის მოქმედ ჩემპიონზე ვსაუბრობთ, რომელიც დღემდე ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. ვერცერთი ნაკრები ვერ იტყვის, რომ მოედანზე გავა და ესპანეთს, რომელსაც სერჯო სკარიოლო ავარჯიშებს, აუცილებლად მოუგებს“.

4 სექტემბერი

16:00 ბოსნია-ჰერცეგოვინა VS საქართველო

19:15 იტალია VS კვიპროსი

22:30 ესპანეთი VS საბერძნეთი