ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT
ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი 2015 წლის ევრობასკეტზე ლიეტუვასთან დაპირისპირებაა. მიზეზი მარტივია – ეს იყო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი. საქართველოს ნაკრები დღესაც 1/8-ფინალს ითამაშებს, ოღონდ საფრანგეთის წინააღმდეგ. მატჩი რიგაში, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება. რეპორტაჟს პირველი არხი სპორტზე იხილავთ.

 

ევრო სიურპრიზები

როგორი იქნება შედეგი, მატჩის მერე მოგახსენებთ. აქ კი ერთ საინტერესო ტენდენციაზე გავამახვილებთ ყურადღებას: მიმდინარე ევრობასკეტი მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის მარცხით გაიხსნა და საბოლოოდ სწორედ საქართველომ დაიკავა მისი ადგილი მერვედფინალში. პლეი ოფში კიდევ ორი ფავორიტი იყო წაგებასთან ახლოს: გერმანია – პორტუგალიასთან, ხოლო თურქეთი – შვედეთთან. მესამე შემთხვევაში აუტსაიდერმა მიზანს მიაღწია – ფინეთმა სერბეთს სძლია.

მატჩის შემდეგ ფინელების მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, სიურპრიზებს კიდევ ელოდეთო. გუნდისგან, რომელმაც ესპანეთი დაამარცხა, საფრანგეთთან გამარჯვებაც სიურპრიზია თუ არა, თავად განსაჯეთ. მეტოქე კი ძალიან ძლიერია, თუმცა არც ჩვენ ვუჩივივართ ტოპკლასის კალათბურთელების ნაკლებობას.

საქართველო-საფრანგეთის წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება.

კომენტარი

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ფედერიკ ფოსო:

„საქართველოს არ ჰყავს სათადარიგოები, რომლებიც მოედანზე ბევრ დროს გაატარებენ. შესაბამისად, მათი მწვრთნელი ეცდება ტემპის დაგდებას. ასევე, აქცენტს ფარქვეშიდან ძალისმიერ თამაშზე გააკეთებს, რისთვისაც კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები. თუმცა მათაც მოუწევთ სათანადოდ მომზადება ჩვენი სათამაში სტილისთვის ალღოს ასაღებად.

კამარ ბოლდუინს საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი როლი აქვს. „ბასკონიაში“ კარგი სეზონი ჰქონდა და ამიტომაც გადავიდა „ბაიერნში“. მას დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ამერიკელი კალათბურთელები ევროპულ ნაკრებებში საკუთარ თავზე ბევრს იღებენ და ძალიან სახიფათოები არიან. საქართველოს სხვა ძლიერი კალათბურთელებიც ჰყავს, მაგრამ საკვანძო კამარ ბოლდუინია“.

თორნიკე შენგელია:

„კმაყოფილები ვართ, რომ დღეს რიგაში ვიმყოფებით, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. სასურველი იყო, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის მოგვეგო და პოლონეთს შევხვედროდით, და არა საფრანგეთს. მოგეხსენებათ, ფრანგებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. თუმცა ერთიანი ძალებით, საბრძოლო შემართებით გავალთ სათამაშოდ. ესპანეთთანაც დავამტკიცეთ, რომ ასეთ გუნდებთან შეგვიძლია თამაში.

საფრანგეთი გამოირჩევა სწრაფი თამაშით, კარგი უკანა ხაზი ჰყავს. ჩვენი ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაში იქნება. სამწამიანი ზონის დატვირთვა, იქიდან კი ბურთის პერიმეტრზე გატანა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამქულიანი ზონიდან კარგად თამაში, რადგან ეს ფარქვეშაც გაგვიხსნის თამაშს“.

ურთიერთშეხვედრები

საფრანგეთის ნაკრებთან ოფიციალური მატჩი არ გვითამაშია. ორი ამხანაგურიდან კი ორივე წავაგეთ.

2008 წელი

საქართველო-საფრანგეთი 69:90

საქართველო: ცინცაძე (25 წთ, 1 ქ, 3 პ), ელისი (33 წთ. 12 ქ. 3 პ), სანიკიძე (29 წთ. 5 ქ. 8მ), ცქიტიშვილი (22 წთ. 4  ქ), ფაჩულია (28 წთ, 23 ქ. 3 ჩ); ვ. ბოისა (22 წთ. 11 ქ), შერმადინი (7 წთ. 8 ქ), გამყრელიძე (17 წთ. 2 ქ), შენგელია (9 წთ. 3 ქ. 1 დ), ა. ბოისა (3 წთ. 2 მ), ტუღუში (3 წთ), ბერიშვილი (1 წთ).

2013 წელი

საფრანგეთი-საქართველო 86:71

24:19, 24:12, 20:20, 18:20

საფრანგეთი: პეტრო (21 წ. 9 ქ. 8 მ. 3 პ.), პარკერი (17 წ. 2 ქ.), დე კოლო (23 წ. 11 ქ. 4 მ.), დიაუ (22 წ. 14 ქ. 3 მ. 6 პ.), ჟელაბალე (18 წ. 12 ქ. 4 მ.); ლოვერნი (15 წ. 11 ქ. 4 მ.), დიო (17 წ. 2 ქ. 6 პ.), კაჰუდი (22 წ. 8 ქ.), უერტელი (23 წ. 11 ქ.), პიეტრუსი (21 წ. 6 ქ. 4 მ.).

საქართველო: ცინცაძე (31 წ. 13 ქ. 3 პ.), შერმადინი (26 წ. 12 ქ. 6 მ.), მარკოიშვილი (11 ქ.), ფაცაცია (15 წ. 3 ქ.), სანიკიძე (29 წ. 8 ქ. 4 მ.); ჰიკმანი (23 წ. 12 ქ. 3 მ.), მეტრეველი (7 წ. 2 ქ.), სანაძე (6 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (8 წ. 5 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (3 წ.), ლეჟავა (7 წ.), ფხაკაძე (10 წ. 3 ქ.), შარაბიძე (7 წ.).