ევრობასკეტის დაწყებამდე ფიბა-მ მონაწილე ნაკრებების რეიტინგი განაახლა #1TVSPORT
ევრობასკეტის წინ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, ფიბა-მ მონაწილე ნაკრებების რეიტინგი განაახლა. წინა რეიტინგთან შედარებით, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ორი საფეხურით უკან დაიხია.
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები ტურნირზე მონაწილე 24 გუნდს შორის მე-18 პოზიციას იკავებს.
„შესაძლებელი იყო, საქართველოს ნაკრები რეიტინგში უფრო უკან ჩაგვესვა, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე ყველა მატჩი წააგო კვიპროსის მსგავსად. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ამ გუნდის კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია, რომელსაც შეუძლია, გუნდი პლეი ოფში გაიყვანოს“, – წერს ფიბა.
ფიბა-ს რეიტინგის ლიდერი სერბეთია, ხოლო წინა რეიტინგთან შედარებით ოთხი საფეხურით დაწინაურდა ტურნირზე საქართველოს მეტოქე საბერძნეთი, რომელიც ამჟამად მეოთხე პოზიციას იკავებს.

ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 28 აგვისტოს ესპანეთთან ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.