ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან მატჩის წინ რიგის არენაზე ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი 7 სექტემბერს საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა. მედიისთვის მხოლოდ საწვრთნელი პროცესის ბოლო წუთებზე გაიღო კარი, თუმცა აშკარად იგრძნობოდა საბრძოლო განწყობა.
როგორც კალათბურთელებმა აღნიშნეს, ჯგუფური ეტაპის შემდეგ ისაუბრეს, აცნობიერებენ, რა მნიშვნელობისაა საფრანგეთთან მატჩი და უკვე ამ შეხვედრისთვის გადაეწყვნენ.

განწყობის გარდა, კიდევ არაერთი კომპონენტია მნიშვნელოვანი. მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ტაქტიკურ-სტრატეგიული მომზადება. როგორ მოამზადა ჯიკიჩმა გუნდი ტაქტიკურად, ამას უშუალოდ თამაშისას ვიხილავთ, რაც შეეხება ჯანმრთელობას, ამ თემაზე ექიმმა თორნიკე გოგიჩაიშვილმა ისაუბრა:
„ევრობასკეტის მსვლელობისას ძალიან მჭიდრო გრაფიკი გვქონდა. ბოსნიასთან თამაშმა დიდი ენერგია წაიღო, რადგან მეტად ძალისმიერი თამაში მიმდინარეობდა. მეორე დილას მგზავრობამ მოგვიწია, ლიმასოლიდან რიგაში გადმოვფრინდით. ძალების აღსადგენად გუშინდელი დღე გამოვიყენეთ, დღეს უკვე სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ. ტრავმები არ გვაქვს, გუნდი საბრძოლველად მზადაა და იმედი მაქვს, ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს“.
