ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მეტოქე მერვედფინალში - საფრანგეთის ნაკრები #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობაკეტის მერვედფინალში ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება.
შედეგი მიმდინარე ევრობასკეტზე:
საფრანგეთი მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე D ჯგუფში ასპარეზობდა, რომელსაც პოლონეთის ქალაქი კატოვიცე მასპინძლობდა. ფრანგებმა ჯგუფი ოთხი მოგებითა და ერთი მარცხით პირველ ადგილზე დაასრულეს.
პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებმა ბელგიას 92:64 სძლია, შემდეგ სლოვენია 103:95 დაამარცხა, მესამე ტურში მოულოდნელად ისრაელის ნაკრებთან 69:82 დამარცხდა, ხოლო ბოლო ტურებში მასპინძელ პოლონეთსა (83:76) და ისლანდიას (114:74) მოუგო.

სტატისტიკური ლიდერები:
ევრობასკეტზე სამფეროვნები მთავარი ვარსკვლავების გარეშე თამაშობენ. სხვადასხვა მიზეზის გამო ევრობასკეტზე მონაწილეობას არ იღებენ ვიქტორ ვემბანიამა („სან ანტონიო სპურსი“), რუდი გობერი („მინესოტა ტიმბერვულვზი“), ევან ფურნიე („ოლიმპიაკოსი“) და მატიას ლესორი („პანათინაიკოსი“). ასევე, ნაკრებს აღარ შეუერთდნენ ნიკოლა ბატუმი და ნანდო დე კოლო, რომლებმაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულეს.
ტურნირზე ქულათა მხრივ საფრანგეთის ლიდერი გერსონ იაბუსელეა, რომელიც საშუალოდ 14.0 ქულას აგროვებს, 13.4 ქულა აქვს ელი ოკობოს, ხოლო 10.2 ქულა – ზაქარი რიშარს.
მოხსნების კუთხით პირველია ბილალ კულიბალი (4.6 მოხსნა თამაშში), ხოლო ყველაზე მეტ ასისტს საფრანგეთის ნაკრების რიგებში ელი ოკობო ასრულებს – 5.4 შედეგიანი გადაცემა მატჩში.
თამაშიდან ფრანგები მეტოქეების ფარს 47 პროცენტით უტევენ, აგდებენ 92.2 ქულას. საშუალოდ თამაშში 39.0 მოხსნას ასრულებენ და 19.8 შედეგიან გადაცემას აკეთებენ.
მთავარი მწვრთნელი:
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ფრედერიკ ფოტუ წვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს დაიწყო. მუშაობდა საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.
მისი კარიერის მთავარი წარმატებები კლუბ „ლიონს“ უკავშირდება, რომელსაც 2021 და 2022 წლებში საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ასევე გაიმარჯვა ქვეყნის თასის გათამაშებაში.
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ფოტუ სათავეში 2024 წლის სექტემბერში ჩაუდგა, მან თანამდებობაზე ვინსენ კოლე შეცვალა, რომელიც გუნდს 15 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ქვეყნის საკალათბურთო ისტორიაში უმთავრეს წარმატებებს მიაღწია.
ფრედერიკ ფოტუს მიზანია, გუნდი 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადისთვის სრულფასოვნად მოამზადოს, ხოლო მიმდინარე ევრობასკეტი მისთვის პირველი დიდი ტურნირია. იგი შეტევაში აქცენტს ბურთის აქტიურ მოძრაობაზე აკეთებს, ხოლო დაცვაში – ინტენსივობაზე. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების სათამაშო უნარების განვითარებას.

შედეგები ევრობასკეტებზე:
საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში ერთხელ, 2013 წელს მოიგო. მაშინ გუნდის ლიდერი ტონი პარკერი იყო. „სან ანტონიოს“ ლეგენდარული გამთამაშებელი ტურნირის „უძვირფასესი მოთამაშე“ და საუკეთესო ბომბარდირი გახდა – ის საშუალოდ 19 ქულას აგდებდა.
ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი სამჯერ მოიპოვა (1949, 2011, 2022), ხოლო ექვსჯერ გახდა ბრინჯაოს პრიზიორი (1937, 1951, 1953, 1959, 2005, 2015).

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები ისტორიაში მეოთხედ ითამაშებენ, წინა სამი დაპირისპირება ამხანაგური იყო და სამივე საფრანგეთმა მოიგო. მატჩი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.