ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში - ფინეთის ეროვნული გუნდი #1TVSPORT
საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობაკეტის მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება.
შედეგი მიმდინარე ევრობასკეტზე:
ფინეთის ნაკრები მიმდინარე კონტინენტის პირველობის ერთ-ერთი მასპინძელი იყო. ტურნირის B ჯგუფის მატჩებს ქალაქი ტამპერე მასპინძლობდა. ფინელებმა ჯგუფში გამოსვლა სამი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულეს, ხოლო ამ შედეგით მესამე ადგილი დაიკავეს.
პირველ ტურში ფინელებმა შვედეთი 93:90 დაამარცხეს, შემდეგ დიდ ბრიტანეთს 109:79 მოუგეს, ხოლო მესამე ტურში მონტენეგროსთან 85:65 გაიმარჯვეს.
შემდეგ იყო ორი მარცხი – 78:81 ლიეტუვასთან, ხოლო 61:91 – გერმანიასთან. მერვედფინალში ფინეთის ეროვნული გუნდი 2025 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, სერბეთს გადაეყარა და დიდი სენსაციის ავტორიც გახდა – 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი 92:86 დაამარცხა.

სტატისტიკური ლიდერები:
ფინეთის ნაკრების ლიდერი მსოფლიო კალათბურთის გამორჩეული ფიგურა, NBA-ს გუნდის, „იუტა ჯაზის“ ფორვარდი, 28 წლის ლაური მარკანენია. ის თამაშში საშუალოდ 26.0 ქულას აგროვებს (მესამე საუკეთესო მაჩვენებელი მიმდინარე ევრობასკეტზე). ამ მხრივ გუნდში მეორეა მიკაელ იანტუნენი 10.8 ქულით, ხოლო 8.8 ქულაა ოლივიერ ნკამუას ანგარიშზე.
ლაური მარკანენი ასევე პირველია მოხსნებში, ის თამაშში საშუალოდ ფარიდან ბურთს 8.2-ჯერ ხსნის. მეორეა ნკამუა – 5.2 მოხსნა, მესამე იანტუნენი – 4.3 მოხსნა. ამასთან ერთად, მარკანენი ევრობასკეტზე საშუალოდ 3.0 ჩაჭრას აგროვებს, რაც ტურნირზე მეორე საუკეთესო შედეგია ლუკა დონჩიჩის (3.2) შემდეგ.
შედეგიანი გადაცემების მხრივ ფინელთა რიგებში გამორჩეულია უკანახაზელი მირო ლიტლი – საშუალოდ 3.5 ასისტით. ვეტერანი სასუ სალინი 3.0 შედეგიან გადაცემას აგროვებს, ხოლო ნკამუა – 2.8 გადაცემას.
ფინეთის ნაკრები თამაშიდან ბურთს 42.9 პროცენტით ტყორცნის, გუნდურად თამაშში საშუალოდ 86.3 ქულას აგდებს, 40.8 მოხსნას და 22.8 გადაცემას აგროვებს.

მთავარი მწვრთნელი:
ჩვენს მომავალ მეტოქეს ახალგაზრდა სპეციალისტი წვრთნის, 38 წლის ლასი ტუოვი. ის ეროვნულ გუნდს სათავეში 2022 წელს ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ასისტენტ-მწვრთნელი ის მთელი 12 წლის განმავლობაში იყო, 2010 დან 2022 წლამდე.
2022 წლის ევრობასკეტზე ლასი ტუოვისთან ერთად ფინეთის ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა – 1967 წლის შემდეგ პირველად გავიდა ტურნირის მეოთხედფინალში და საბოლოოდ შეჯიბრება მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
ფინელთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ტუოვის გუნდი 21-ე იყო, ჩამორჩა საქართველოსაც, რომელიც მე-16 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 2023/2024 წლების სეზონში ტუოვი „ვირტუს ბოლონიაში“ მუშაობდა მწვრთნელის ასისტენტად. იტალიური გუნდის რიგებში ირიცხებოდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.
მედია ხშირად წერს, რომ ტუოვი თავის გუნდს თანამედროვე კალათბურთს ათამაშებს. მისი სათამაშო ფილოსოფია დაფუძნებულია ისეთ სტილზე, რომელიც მოედანზე მყოფ ხუთივე კალათბურთელს მრავალი უნარის გამოვლენისკენ უბიძგებს. თითოეულ მოთამაშეს უნდა შეეძლოს სროლა, მოხსნა, დაფარება, დრიბლინგი, ჩაჭრა. უყვარს დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა და კალათბურთელებს დიდ თავისუფლებას ანიჭებს.

შედეგები ევრობასკეტებზე:
ფინეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობა 18-ჯერ მიიღო. საუკეთესო შედეგი 1967 წელს აჩვენა, როდესაც ევრობასკეტის მასპინძელი იყო და ასპარეზობა მე-6 ადგილზე დაასრულა. მეორე საუკეთესო შედეგი კი, როგორც უკვე ვახსენეთ, 2022 წელს ჰქონდა – მე-7 ადგილი. ასე რომ, ნახევარფინალში გასვლით ფინეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ევრობასკეტების ისტორიაში საკუთარ შედეგს გააუმჯობესებს.

ფინეთისა და საქართველოს ნაკრებები ისტორიაში მეათედ ითამაშებენ. ჩვენმა გუნდმა ხუთ შემთხვევაში გაიმარჯვა, ხოლო ოთხჯერ დამარცხდა. ბოლოს ფინელებს 2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ვძლიეთ.
მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.