ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალიასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი იტალიასთან გამართა და 62:78 დამარცხდა.

 

მატჩის წინ ყველანაირი სტატისტიკით უპირატესობა იტალიას ჰქონდა – მათ ჩვენს გუნდთან ცამეტივე თამაში მოიგეს, ხოლო საქართველომ ევრობასკეტებზე ჩატარებული 31 მატჩიდან ზედიზედ ორში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა – 2015 წელს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ხორვატიასთან.

ეს იყო სხვადასხვა სტილის გუნდის შეხვედრა. საქართველოს გაცილებით ტანმაღალი და ფიზიკურად ძლიერი წინახაზელები ჰყავს, რომელთა შეჩერება მეტოქის მწვრთნელის, ჯანმარკო პოცეკოს მთავარი ამოცანა იყო.

მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა – 32:32. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი იყო შეხვედრის მეორე პერიოდში, რომელიც 22:14 მოიგო.

მეორე ტაიმში უპირატესობა პოცეკოს გუნდის მხარეს გადავიდა. იტალიას თამაშის მოგების ერთ-ერთ მთავარ გზად სამქულიანები ესახებოდა. ეს თავიდანვე კარგად გამოჩნდა, ხოლო მესამე მეოთხედში იტალიელები პერიმეტრიდან განსაკუთრებით ზუსტები იყვნენ.

გადამწყვეტი გაქცევა იტალიამ მესამე მეოთხედის შუაში მოაწყო, ხოლო მეოთხე მეოთხედის პირველ სამ წუთში საქართველომ ქულა ვერ აიღო, როცა იტალიამ 10 ქულა მოაგროვა. შეხვედრის დასასრულს მსაჯების შეურაცხყოფის გამო თორნიკე შენგელიას მოედანი დაატოვებინეს, მას მატჩის განმავლობაში შედეგიანი ტყორცნა არ ჰქონია.

ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების რიგებში 22 ქულით გოგა ბითაძე იყო, 13 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 9 ქულა – კამარ ბოლდუინს, 8 – დუდა სანაძეს, 7 – ბექა ბურჯანაძეს, 3 – რატი ანდრონიკაშვილს. მეტოქის მხრიდან გამორჩეული 15 ქულით სალიუ ნიანგი გახლდათ.

მატჩის ბოლოს თორნიკე შენგელიამ მსაჯების გადაწყვეტილება მწვავედ გააპროტესტა, რის გამოც მოედანი დაატოვებინეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის საკითხს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

შედეგად, ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია, მომდევნო მატჩს ევრობასკეტზე 31 აგვისტოს საბერძნეთთან ჩავატარებთ, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.