ევრობასკეტი 2025 | საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ფედერიკ ფოსო - საქართველოს სხვა ძლიერი კალათბურთელებიც ჰყავს, მაგრამ საკვანძო კამარ ბოლდუინია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მერვედფინალში მეორედ ითამაშებს. პირველად ეს საფრანგეთში შეძლო, როდესაც 2015 წელს ლიეტუვასთან ბოლო წამებზე დამარცხდა. ამჯერად მისი მეტოქე საფრანგეთი იქნება. მატჩი 7 სექტემბერს, 16:15 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრების შესახებ საინტერესოდ ისაუბრა ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა, ფედერიკ ფოსომ.
ბითაძე და მამუკელაშვილი
„ვსაუბრობთ ორ ნიჭიერ კალათბურთელზე. ბითაძე ძლიერია როგორც მოხსნებში, ასევე შეტევაში. დავინახეთ, რომ კარგად შეუძლია პერიმეტრიდან ტყორცნაც. მამუკელაშვილიც ძალიან კარგი მსროლელია. საინტერესოა, რომ მათ NBA-ს კლუბებსა და ნაკრებში სხვადასხვა ფუნქცია აქვთ. ეროვნულ გუნდში გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და სხვა დონეზეც თამაშობენ“, – აღნიშნა ფედერიკ ფოსომ გამოცემა „ეკიპთან“ საუბარში.
სათამაშო სტილი
„საქართველოს არ ჰყავს სათადარიგოები, რომლებიც მოედანზე ბევრ დროს გაატარებენ. შესაბამისად, მათი მწვრთნელი ეცდება ტემპის დაგდებას. ასევე, აქცენტს ფარქვეშიდან ძალისმიერ თამაშზე გააკეთებს, რისთვისაც კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულები. თუმცა მათაც მოუწევთ სათანადოდ მომზადება ჩვენი სათამაში სტილისთვის ალღოს ასაღებად“.
კამარ ბოლდუინი
„კამარს საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი როლი აქვს. „ბასკონიაში“ კარგი სეზონი ჰქონდა და ამიტომაც გადავიდა „ბაიერნში“. მას დიდ ყურადღებას დავუთმობთ. ამერიკელი კალათბურთელები ევროპულ ნაკრებებში საკუთარ თავზე ბევრს იღებენ და ძალიან სახიფათოები არიან. საქართველოს სხვა ძლიერი კალათბურთელებიც ჰყავს, მაგრამ საკვანძო კამარ ბოლდუინია“.