ევრობასკეტი 2025-ის ფინალური ეტაპის წილისყრის წინ ფიბა-მ ახალი შეზღუდვა დააწესა - თურქეთი და კვიპროსი ერთ ჯგუფში ვერ ითამაშებენ #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025-ის ფინალური ეტაპის წილისყრის წინ ფიბა-მ ახალი შეზღუდვა დააწესა - თურქეთი და კვიპროსი ერთ ჯგუფში ვერ ითამაშებენ #1TVSPORT

ფიბა-მ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრის პროცედურების დეტალები გამოაქვეყნა. წილისყრა 27 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება.

ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის მატჩები ოთხი ქვეყნის ოთხ ქალაქში გაიმართება – რიგაში (ლატვია), ტამპერეში (ფინეთი), ლიმასოლსა (კვიპროსი) და კატოვიცეში (პოლონეთი).

გუნდები რეიტინგის მიხედვით ფიბა-მ ექვს კალათაში გაანაწილა, წილისყრის შედეგად კი ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდებიან.

I კალათა: სერბეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი
II კალათა: ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი
III კალათა: იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი
IV კალათა: ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი
V კალათა: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი
VI კალათა: შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი

ცნობილია, რომ A ჯგუფის მასპინძელია ლატვია, B ჯგუფის – ფინეთი, C ჯგუფის – კვიპროსი, ხოლო D ჯგუფის – პოლონეთი. თითოეულ ჯგუფში თითოეული კალათიდან ერთი გუნდი მოხვდება.

ევროპის ჩემპიონატის თითოეულ მასპინძელ ქვეყანას ერთი პარტნიორი ქვეყნის არჩევა შეეძლო, რომელთან ერთადაც ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ლატვიამ ესტონეთი აირჩია, ფინეთმა – ლიეტუვა, კვიპროსმა – საბერძნეთი, პოლონეთმა კი – ისლანდია.

ფიბა-მ ასევე გამოაცხადა ახალი შეზღუდვის შესახებაც. სახელმწიფოებს შორის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კვიპროსის ჯგუფში ვერ მოხვდება თურქეთის ნაკრები, რომელიც საქართველოსთან ერთად მეოთხე კალათაშია განთესილი.

შესაბამისად, წილისყრის წინ უკვე ვიცით, რომ სლოვენიის ნაკრებს აუცილებლად კატოვიცეში მოუწევს თამაში პოლონეთთან და ისლანდიასთან, რადგან მეტი ვარიანტი ამ ქვეყნისთვის აღარ დარჩა. შვედეთი და პორტუგალია კი ადგილებს A და B ჯგუფში გაინაწილებენ.

იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კალათის გუნდები ერთმანეთს ვერ ხვდებიან, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გამორიცხულია, სათამაშოდ ფინეთში გაემგზავროს. თურქეთთან და კვიპროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კი ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის C ჯგუფში მოხვედრის ალბათობას ზრდის, რომელსაც ლიმასოლი მასპინძლობს. თურქებიც, საქართველოს მსგავსად, ვერ ითამაშებენ ფინეთში, შესაბამისად ისინი ან რიგაში მოხვდებიან, ან კატოვიცეში.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრას საქართველოს პირველი არხი 27 მარტს 17:00 საათზე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.