ევრობასკეტი 2025 | ფინეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა რიგაში ღია ვარჯიში გამართა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რიგის ოლიმპიურ დარბაზში ღია ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ევრობასკეტის მერვედფინალში საფრანგეთი დაამარცხა და მეოთხედფინალისთვის ემზადება. მისი მეტოქე ფინეთი იქნება. შეხვედრა 10 სექტემბერს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების სავარჯიშო დარბაზის წინ უამრავი ჟურნალისტი შეკრებილიყო. ესეც ერთგვარი რეკორდი გახლდათ – ამდენი ჟურნალისტი ჩვენი გუნდის ვარჯიშს აქამდე არ დასწრებია. ლოგიკურიცაა: „ჯვაროსნებმა“ საფრანგეთი დაამარცხეს და მსოფლიოს საკალათბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცნენ.
ფინელმა ჟურნალისტმა თორნიკე შენგელიას შეახსენა, რომ მისი გუნდი ახლოსაა მედალთან…
„მიზნისკენ ეტაპობრივად მივდივართ. გეთანხმებით, მედალი ძალიან ახლოსაა, თუმცა ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. ფინეთის ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა და ისიც ნახევარფინალზე ფიქრობს. ძალიან მძიმე თამაში გველის ჩვენც და ფინეთასაც“.

დუდა სანაძემ კი გაიხსენა, რომ ფინეთს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ორჯერ ვეთამაშეთ და ორჯერვე მოვუგეთ:
„მნიშვნელოვანი გამარჯვებები იყო. რომელიმე რომ წაგვეგო, შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავსულიყავით. თუმცა შესარჩევიც გავიარეთ, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპიც, მერვედფინალიც და ახლა მეოთხედფინალში ისევ ფინეთს ვხვდებით.
ჩვენი მეტოქე შესარჩევისგან მეტად განსხვავებული გუნდია – ჰყავს ლაური მარკანენი, რომელმაც გუნდის თამაშის სტილი რადიკალურად შეცვალა. ჩვენც დაგვემატნენ ამერიკაში მოთამაშე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. ძალიან საინტერესო თამაში იქნება“.
