ევრობასკეტი 2025 | ფინეთის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სერბეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სერბეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა – 92:86.

ფინელები მთელი თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ და სერბი კალათბურთელები წინ დიდი სხვაობით გასვლას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის ბოლოს ფინეთმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

ფინელთა რიგებში საუკეთესო 29 ქულით ლაური მარკანენი იყო. მას ასევე ჰქონდა 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა. 15 ქულა იყო მიკაელ იანტუნენის ანგარიშზე. სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული გახლდათ ნიკოლა იოკიჩი, მან მატჩი 33 ქულით დაასრულა.

მეოთხედფინალში ფინეთის მეტოქე საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.