ევრობასკეტი 2025 | დონტე დივინჩენცო იტალიის ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
NBA-ს გუნდის, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ უკანახაზელმა, დონტე დივინჩენცომ იტალიის პასპორტი მიიღო და ევროპის ჩემპიონატზე ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს.
28 წლის დივინჩენცომ NBA-ს გასულ სეზონში 62 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 11.7 ქულას, 3.7 შედეგიან გადაცემასა და 3.6 მოხსნას აგროვებდა. თამაშიდან მისი ტყორცნების სიზუსტემ 42.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო სამქულიანის ხაზიდან 39.7-პროცენტიანი სიზუსტით უტევდა.
იტალიის ნაკრები ევრობასკეტზე საქართველოს ჯგუფშია. C ჯგუფში, ამ გუნდების გარდა, კვიპროსის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდები ითამაშებენ. მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს.
კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მატჩი 30 აგვისტოს შედგება. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ბრძოლას საუკეთესო შედეგის მქონე ოთხი გუნდი გააგრძელებს.