ევრობასკეტი 2022 | შენგელიაც ფინეთშია, საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშობს (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ესპოოში ადგილობრივ გუნდთან მატჩის წინა დღეს გენერალური ვარჯიში გამართა. ქართველები უკვე სრული შემადგენლობით გავიდნენ მოედანზე – მოგეხსენებათ, ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ  26 ნოემბერს მოსკოვში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ევროლიგის მატჩი ითამაშა, 74:73 გაიმარჯვა და 15 ქულა ჩააგდო.

თამაშის დასრულებისთანავე თოკომ ჩანთა ჩაალაგა და ფინეთისკენ გაფრინდა, სადაც საქართველოს ნაკრები ელოდა. სწორედ 26 ნოემბერს გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე გვითხრა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა: არ ვიცით, რა დრო დასჭირდება შენგელიას კოვიდტესტთან დაკავშირებულ პროცედურებს და ვერ გეტყვით, გუნდთან ერთად ვარჯიშს თამაშამდე მოახერხებს თუ არაო.

თუმცა ყველა ფორმალობა დროულად მოგვარდა და თორნიკე 27 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ნაკრებთან ერთად სავარჯიშოდ გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ესპოოს „მეტრო არენაზე“ საქართველოს ნაკრები ფინეთს 28 ნოემბერს 21:30 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი შემოგთავაზებთ.