ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია - ვის შეგვახვედრებს წილისყრა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია - ვის შეგვახვედრებს წილისყრა #1TVSPORT

ფიბა-მ ევრობასკეტი 2022-ის წილისყრის წინ გუნდები კალათებში გადაანაწილა. ნაკრებები „ნაიკის“ რეიტინგზე დაყრდნობით დახარისხდა, რომლის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 36-ე პოზიციაზეა.

ჩვენი გუნდი მეოთხე კალათაშია, სადაც მასთან ერთად მოხვდნენ გერმანია, უკრაინა და ფინეთი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წილისყრისას ამ სამი გუნდიდან ჩვენს ჯგუფში ვერც ერთი მოხვდება. თუმცა გერმანია ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელია და საქართველოს დარად თავად მასპინძლობს ერთ-ერთ ჯგუფს. ევრობასკეტი 2022 ოთხ ქვეყანაში გაიმართება – საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში.

საინტერესოა, რომ მეორე კალათაში სწორედ იტალია და ჩეხეთი განთავსდნენ. მათ გარდა მეორეში არიან რუსეთი და ლიეტუვა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციას სურდა საქართველოში სწორედ ლიეტუველები მოეწვია (თითო მასპინძელს თითო გუნდის არჩევის უფლება აქვს), თუმცა ბოლო ინფორმაციით ბალტიისპირელები გერმანიისკენ იხრებიან. ლიეტუვის მიწვევა გერმანელებისთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს, რადგან ბალტიელებს მუდამ ათასობით ქომაგი დაჰყვება ევრობასკეტზე.

თუ ლიეტუვა გერმანიაში ჩავა, მეორე კალათაში რჩება ერთადერთი გუნდი, რომელსაც წილისყრა საქართველოს ჯგუფში განათავსებს – ეს რუსეთის ნაკრებია.

ევრობასკეტის წილისყრა მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა 29 აპრილისთვის გადაიტანეს. ის გერმანიაში გაიმართება.

პირველი კალათა: ესპანეთი (ევროპაში მე-2), სერბეთი (5), საბერძნეთი (6), საფრანგეთი (7).

მეორე კალათა: ლიეტუვა (8), რუსეთი (9), იტალია (10), ჩეხეთი (12).

მესამე კალათა: პოლონეთი (13), ხორვატია (14), თურქეთი (15), სლოვენია (16).

მეოთხე კალათა: გერმანია (17), უკრაინა (18), ფინეთი (32), საქართველო (36).

მეხუთე კალათა: ბელგია (37), უნგრეთი (38), ისრაელი (39), დიდი ბრიტანეთი (41).

მეექვსე კალათა: ბოსნია-ჰერცეგოვინა (43), ნიდერლანდები (44), ესტონეთი (47), ბულგარეთი (49).

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2022 პირველ სექტემბერს დაიწყება. 24 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ოთხ-ოთხი საუკეთესო ბრძოლას 1/8 ფინალში განაგრძობს. პლეი ოფის მატჩებს გერმანია უმასპინძლებს.