ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - გადამწყვეტი მატჩი 4 სექტემბერს თურქეთთანაა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან ორ თვეში მეორე მატჩი გამართა. 4 ივლისს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე თბილისში, ამჯერად ევრობასკეტის მეორე ტურში. პირველ შემთხვევაში ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 82:76 გაიმარჯვა, 3 სექტემბერს კი დამარცხდა – 64:90.

მატჩის წინ მთავარი შეკითხვა გოგა ბითაძის ჯანმრთელობას ეხებოდა. მან კოჭის ტრავმა ბელგიასთან შეხვედრაში მიიღო. თუმცა კითხვები ნაწილობრივ მატჩის სტარტზე მოიხსნა – ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის.

საქართველომ ტანმაღალი ხუთეულით დაიწყო: ბითაძე-შერმადინი-მამუკელაშვილი. თუმცა ასე ვეღარ განაგრძო. ზუროსმა ბითაძე თამაშიდან მალევე მოხსნა – ცენტრის პოზიციაზე მთლიანად გიორგი შერმადინი დატვირთა. თავის მხრივ ესპანეთიც ტანამღალი გუნდია, მაღალ ტემპში თამაშზე მეტად აქცენტს პოზიციურ თამაშზე აკეთებს.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ ორივე გუნდმა დაცვაში ბევრი იბრძოლა და პირველი ტაიმი მეტად დაბალშედეგიანი გამოდგა – 40:31 ესპანეთის სასარგებლოდ.

გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების დაცვაზე დადებითს ვერაფერს ვიტყვით – სტუმრებმა 31:16 მოიგეს და მეოთხე რაუნდის წინ 71:47 დაწინაურდნენ. ასეთი სხვაობის აღმოფხვრა ესპანეთის დარ გუნდთან ევრობასკეტის ბევრი ფავორიტისთვისაც ურთულესი საქმეა. შენგელიასა და ბითაძის გარეშე მოთამაშე საქართველოსთვის შეუსრულებელი მისია აღმოჩნდა.

მეოთხე რაუნდის მეოთხე წუთზე ჩვენმა მწვრთნელმა თამაშიდან თად მაკფადენი მოხსნა. მანამდე სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ გიორგი შერმადინი და მამუკელაშვილი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ილაის ზუროსი უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრობდა – 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი იქნება.