ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, თუმცა 70:78 დამარცხდა [ვიდეო]
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან 19-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, თუმცა 70:78 დამარცხდა [ვიდეო]

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ფინეთთან გამართა.

საქართველო-ფინეთი 70:78

17:30, 13:19, 27:8, 13:21

საქართველო: ბაქრაძე (5პ), ბურჯანაძე (11ქ, 7მ), შერმადინი (19ქ, 12მ, 3პ), სანაძე (18ქ, 5მ), ფევაძე (2ქ), ბერიშვილი (9ქ), ბოქოლიშვილი (6ქ), ლობჯანიძე (2ქ), ბექაური (2ქ), ჯინჭარაძე (1ქ), ზაქრაძე.

ფინეთი: კოივისტო (5ქ), მერფი (2ქ), ჰაფი (2ქ), სალინი (8ქ, 5პ), ნუუტინენი, კანტონენი (5ქ), ვალტონენი (14ქ), მადსენი (8ქ), მაქსუნი (11ქ), მერფი (14ქ), სეპალა (2ქ), დოლენცი (5ქ).

 

I მეოთხედი

2000-იან წლებში ფინეთის ნაკრები საქართველოსთვის გადაულახავ ბარიერად იქცა. სუომელები თამაშს სამქულიანებზე აწყობდნენ – მწვრთნელის ჰენრიკ დეტმანის მითითებით შეტევაში ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ და სატყორცნ პოზიციაზე ერთ კალათბურთელს ტოვებდნენ.

როდესაც საქმე ფინეთს ეხებოდა, სატყორცნი პოზიცია პერიმეტრი იყო, საიდანაც ისინი მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნიდნენ და თამაშებსაც ასე იგებდნენ.

2021 წლის 21 თებერვალს თბილისური ბაბლისას ფინელებს ისევ დეტმანი წვრთნის და ტაქტიკაც იგივე აქვთ. პირველ მეოთხედში მათ 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს და 30:17 დაწინაურდნენ.

 

II მეოთხედი

მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ფინელებს პერიმეტრიდან ჩაგდება გაუჭირდათ.

შეტევაში არც ქართველებს გამოსდიოდათ რამე და საწყის 3 წუთში მხოლოდ 4 ქულა ჩავარდა. ფინელებმა ზედმეტი აგრესიით თამაში განაგრძეს ისინი ჯარიმებს არ ერიდებოდნენ, მსაჯებიც აძლევდნენ ხისტად თამაშის უფლებას და გიორგი შერმადინის წინააღმდეგ არაერთი ფოლი არ დაფიქსირდა. სწორედ ამას ითხოვდა ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, თუმცა მსაჯებმა მას ტექნიკური ჯარიმა მისცეს.

ფინელებმა მეორე ათწუთეულში მხოლოდ სამი სამქულიანი სტყორცნეს და ვერცერთი ჩააგდეს, თუმცა ანგარიშში სხვაობის გაზრდა სწრაფი შეტევებითა და შორეული ორქულიანებით შეძლეს.

მეორე პერიოდის შემდეგ ფინეთი 49:30 დაწინაურდა.

 

III მეოთხედი

საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდში ქართული კალათბურთი ითამაშა. ძალიან აგრესიული მოედნის მთელს პერიმეტრზე. ფინელთა მთავარი სანიპერი სასუ სალინი კახა ჯინჭარაძემ ჩაიბარა, ბურთი არ ჩააგდებინა და სტუმრები დაიბნენ.

ამით მშვენივრად ისარგებლეს ქართველებმა, სამქულიანებითა და სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ბურთებით 19-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს – მესამე პერიოდის დასრულებამდე 7 წამით ადრე საბა ლობჯანიძემ ანგარიში გაათანაბრა – 57:57.

 

IV მეოთხედი

მეოთხე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაჩაღდა. ქულების მოგროვება ორივე გუნდს გაუჭირდა, თუმცა ფინეთი მაინც სამქულიანებით ცდილობდა ფონს გასვლას.

მეტოქემ საწადელს მაინც მიაღწია, საფინალო სირენამდე 2:24 წუთით ადრე 76:67 დაწინაურდა. დუდა სანაძემ სამქულიანით სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა…

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა – 19 ქულა, 12 მოხსნა და 3 პასი. დუდა სანაძე კი 18 ქულით დაგვეხმარა. ფინეთიდან ბევრს ჰქონდა კარგი შედეგი, თუმცა საუკეთესო 14 ქულა 3 კალათბურთელს – ვალტონენს, სალინსა და მერფის დაუფიქსირდათ.