ევრობასკეტი 2022 | პაატა გურასპაული - ახალი არენის გადახურვა გაზაფხულზე დასრულდება (ვიდეო)

თბილისში გასამართი ევრობასკეტისთვის ახალი, 10 ათას მაყურებელზე გათვლილი არენის მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში – საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში გაიმართება.

ახალი დარბაზის მშენებლობის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გვესაუბრება:

„არენის ბოლო სართულის მშენებლობა მალე დასრულდება. ჩემი ინფორმაციით დარბაზი გაზაფხულზე უნდა გადაიხუროს, რის შემდეგაც დაიწყება შიდა სამუშაოები, მოპირკეთება და ა.შ. ვინაიდან ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის ნაცვლად 2022 წელს გაიმართება, კიდევ უფრო მეტი დროა ახალი დარბაზის ტესტირებისთვის.“

ამ ზაფხულს საქართველო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ახალ დარბაზში 20-წლამდელთა მატჩების მასპინძლობა არც აქამდე იგეგმებოდა. საამისოდ საქართველოში არის უკვე გამართული დარბაზები.