ევრობასკეტი 2022 | ფინეთმა შვეიცარიის ისტორიული შანსი მინიმუმამდე დაიყვანა [ფოტო]
ევრობასკეტი 2022 | ფინეთმა შვეიცარიის ისტორიული შანსი მინიმუმამდე დაიყვანა [ფოტო]

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის თბილისური „ბაბლი“ შვეიცარიისა და ფინეთის მატჩით გაიხსნა. ამ შეხვედრას უნდა გაეცა პასუხი შეკითხვაზე – რომელი გუნდი მოიპოვებდა ევროპის ჩემპიონატის საგზურს.

შეხვედრის პირველი მეოთხედი დაძაბულად და თანაბრად მიმდინარეობდა, შესაბამისად გუნდებმა დიდი სხვაობით წინ გასვლა ვერ მოახერხებს და ფინელები მხოლოდ 4 ქულით დაწინაურდნენ. მეორე პერიოდში ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, სხვაობა 19 ქულა გახდა და შეიძლება ითქვას, ფინეთმა საწყის 20 წუთში გაინაღდა ევრობასკეტის საგზური.

მეოთხე მეოთხედის მიწურულს შვეიცარიელებმა ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ჰენრიკ დეტმანის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა არ გაანიავა და შეხვედრა ფინეთის გამარჯვებით დასრულდა 92:84.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი ნიუანსი – 1955 წლის შემდეგ შვეიცარიას ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია. მას მერე 66 წელი გავიდა და ყველაზე მეტად სწორედ წლეულს მიუახლოვდნენ სანუკვარ მიზანს. მათ ამის სერბეთის ძლევის შემდეგაც ირწმუნეს, თუმცა ფინეთთან წაგებით ევროფორუმზე მოხვედრის შანსი მინიმუმამდე დაიყვანეს.

შვეიცარიელებს ჯგუფიდან გასვლის ერთადერთი შანსი რჩებათ – 21 თებერვალს დაამარცხონ სერბეთი, თუმცა მანამდე ერთი პირობაა შესასრულებელი – სერბეთი 19 თებერვალს საქართველომ დაამარცხოს.

ჩვენი ნაკრების შეხვედრა სერბეთის წინააღმდეგ კი 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.