„ევრობასკეტი 2021 - საქართველო მასპინძელი ქვეყანა“ - საზეიმო ღონისძიება ლისის ტბაზე
„ევრობასკეტი 2021 - საქართველო მასპინძელი ქვეყანა“ - საზეიმო ღონისძიება ლისის ტბაზე

ლისის ტბაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებას მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, კალათბურთს ფედერაციის ხელმძღვანელები, ეროვნული ნაკრების წევრები, მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს შორის ჩატარდა ტურნირი 3×3 კალათბურთში, რის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა გადაინაცვლეს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით. საღამო მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა „ნიუვანმა“.

საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება 15 ივლისს, მიუნხენში გამართულ „ფიბა“ (FIBA) ევროპის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკალათურთო ნაკრები ავტომატურად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას, რომელიც ჩვენი გუნდისთვის მეხუთე ევრობასკეტი იქნება. ჯგუფური ეტაპი (ოთხი სხვადასხვა ჯგუფი) გაიმართება საქართველოში (თბილისი), ჩეხეთში (პრაღა), გერმანიასა (კიოლნი) და იტალიაში (მილანი). პლეიოფის მატჩებს ბერლინი უმასპინძლებს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო გუნდურ სახეობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისმა ევრობასკეტს ერთადერთხელ, 1965 წელს მოსკოვთან ერთად უმასპინძლა (ფინალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა).

2021 წლისთვის უკვე დაგეგმილია ახალი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა. დარბაზი 15 000 გულშემატკვივარს დაიტევს. ბათუმის მშენებარე სტადიონთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური მულტიფუნქციური სპორტული ნაგებობა.