ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრის წინ ფიბა-ევროპამ ნაკრებები რვა კალათაში განთესა
ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრის წინ ფიბა-ევროპამ ნაკრებები რვა კალათაში განთესა

22 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, სადაც კონტინენტის 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და იბრძოლებს ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 24 ადგილისთვის. საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქვეყნებიც – გერმანია, ჩეხეთი, საქართველო და იტალია, თუმცა ამ ოთხეულს საკონკურსო პირობები არ შეეხებათ და ევრობასკეტზე ჯგუფში ნებისმიერი ადგილის დაკავების შემთხვევაში გავლენ.

ფიბა-ევროპამ ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლებს მომავალი ორი წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობებში. გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ იმ ჯგუფებიდან, სადაც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები (საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი) იქნებიან, ევრობასკეტზე ორი საუკეთესო გავა, რომლებსაც, ცხადია, (ნებისმიერ ადგილზე გასვლის შემთხვევაში) სწორედ მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ. თუკი ერთ-ერთი მასპინძელი ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილს დაიკავებს, მასთან ერთად ევრობასკეტზე გავა იმ ჯგუფის ორი საუკეთესო. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ევრობასკეტის მასპინძელი გუნდები საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან და კენჭისყრის შედეგად ჯგუფებში სათითაოდ გადანაწილდებიან.

ფიბა-ევროპამ კენჭისყრის წინ 32 გუნდი სიძლიერის მიხედვით კალათებში განთესა. ფიბა-ევროპამ იხელმძღვანელა ფიბა-ს NIKE-ის მსოფლიო რეიტინგით და ნაკრებები კალათებში შემდეგნაირად დაახარისხა:

მე-8 კალათში გუნდების ზუსტი ვინაობა ჯერ გარკვეული არაა, რადგან მიმდინარე წლის 3-21 აგვისტოს უნდა გაიმართოს ევრობასკეტ 2021-ის მესამე წინა-საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. აღნიშნულ კალათაში წარმოდგენილი 3-3 გუნდიდან საბოლოოდ თითო საუკეთესო მოიპოვებს საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს, თუმცა მანამდე, 22 ივლისის კენჭისყრაზე ისინი პირობითად ჯგუფებში გადანაწილდებიან.

ფიბა-ევროპას დაზუსტებული აქვს ერთი საინტერესო დეტალი, რის მიხედვითაც, საქართველოს მეტოქე იქნება პირველ კალათში განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი ან ლიეტუვა. ორგანიზატორებს დაზუსტებული აქვთ, რომ 4 ჯგუფი დაკომპლექტდება I, IV, V და VIII კალათის გუნდებიდან, ხოლო კიდევ ოთხი ჯგუფს შეადგენენ II, III, VI და VII კალათის წარმომადგენლები.

საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი ორ-ორი მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა – სახლის პრინციპით.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია