ევრო 2025 | რამაზ სვანაძე - ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის გამოვიყენოთ #1TVSPORT
ევრო 2025 | რამაზ სვანაძე - ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის გამოვიყენოთ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ საფრანგეთთან მატჩი (2:3) პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„დრამატული თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით ბოლო წუთები. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ამ მატჩში რეალურად იჩინა თავი იმ პრობლემებმა, რაც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გვქონდა. ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო მომენტში ბევრი მოთამაშე გადაიღალა.

სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ბურთი ბვერჯერ დავკარგეთ, დავალებები ბოლომდე არ სრულდებოდა. ამ ყველაფერზე შესვენებაზე ვისაუბრეთ.

ფეხბურთელებმა შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, მაგრამ უთამაშებლობის პრობლემამაც იჩინა თავი. მინდა, საბა საზონოვი და მისი პატრიოტიზმი გამოვყო. ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პორტუგალიასთან ეს შანსი გამოვიყენოთ.

ვეთამაშეთ ნაკრებს, რომლის ფეხბურთელებიც ტოპ ჩემპიონატებში გამოდიან და სხვა ტემპში, უფრო ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ. ამ მხრივ მათ ჩვენზე დიდი გამოცდილება აქვთ. ასეთ გუნდებთან თამაში ჩვენი პროგრესის წინაპირობაა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში წავაგეთ, პირველი შემთხვევა იყო, რომ ბოლო წუთებზე დავმარცხდით. პორტუგალიასთან თამაშს სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ და წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“.

ევრო 2025-ის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.