ევრო 2025 | პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი – ქართველი ფეხბურთელები კონტრშეტევაზე სახიფათოები არიან, მათ დამოკიდებულებას ვაფასებ #1TVSPORT
ევრო 2025-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის შესახებ პორტუგალიის 21-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუი ჟორჟემ ისაუბრა.
ჟორჟემ ასევე გაიხსენა ორი წლის წინ ჩატარებული ევრო 2023, სადაც რამაზ სვანაძის გუნდმა მისი შეგირდები 2:0 დაამარცხა.
„ბოლო ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ დაგვამარცხა, რაც ჩვენთვის დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა. ახლა მოთმინება, თავდაჯერებულობა და ბურთის გაკონტროლება გვმართებს. ქართველებს საინტერესო სტატისტიკა აქვთ – ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ რუმინეთს ვერ გაუტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტო დაცვაზე არ არიან ორიენტირებულნი.
მათ ხშირად გააქვთ გოლი – ასე იყო ჯგუფის ორივე შეხვედრაში, რამდენიმე წუთიც და მეოთხედფინალში აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ ჩვენგან მეტი აგრესიულობა და მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება იქნება საჭირო, რათა უპირატესობა მოვიპოვოთ.
ამჟამინდელი ნაკრებიც დიდი ემოციითა და უზარმაზარი გულით თამაშობს, აქვთ ის თვისებები, რაც ჩემს გუნდშიც მომწონს. ჰყავთ იგივე მწვრთნელი, ტექნიკური ფეხბურთელები და კონტრშეტევებზე მართლაც ძალიან სახიფათოები არიან. ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც თამაშისას ავლენენ“, – განაცხადა ჟორჟემ.
საქართველოსა და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხედფინალში გასასვლელად რამაზ სვანაძის გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევს ხელს.