ევრო 2025 | გიორგი აბუაშვილი - პორტუგალიასთანაც შევეცდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინოთ და გულშემატკივრები გავახაროთ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად, ევრო 2025-ის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თავდამსხმელი გიგი აბუაშვილი იმყოფებოდა და მოახლოებულ თამაშსა და გუნდში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ხასიათის დამსახურებაა, რომ მეორე ტაიმს უკეთესად ვატარებთ. პირველ ნახევარში დაშვებულ შეცდომებს შესვენებაზე მწვრთნელთან ერთად ვაანალიზებთ და სათამაშოდ უფრო მოტივირებული გავდივართ. პორტუგალიასთანაც შევეცდებით, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და გულშემატკივრები გავახაროთ.
საკუთარი თავის რწმენას საფრანგეთის თამაში გვიძლიერებს. ნებისმიერ გუნდთან ვიბრძვით და არც ამჯერად ვაპირებთ რამის დათმობას. მთავარია, რომ ერთმანეთის გვჯერა და გვსურს, ერთად დავწეროთ ახალი ისტორია.
პორტუგალიასთან რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურადაც. ვიცით პორტუგალიის ძლიერი და სუსტი მხარეები და შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
ევრო 2025-ის მესამე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას 17 ივნისს ქალაქ ტრენჩინში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაუპირისპირდება.