ევრო 2025 | ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა #1TVSPORT
სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პლეი ოფის ეტაპი დაიწყო – 21 ივნისს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ორი ნახევრაფინალისტი გამოვლინდა.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდა. 21-ე წუთზე შეხვედრის ქართველმა არბიტრმა, გოგა კიკაჩეიშვილმა რუბენ ვან ბომელს ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და ნიდერლანდელი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. ტაიმის ბოლოს პორტუგალიელებმა პენალტი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ნიდერლანდებმა გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

მეორე მეოთხედფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ინგლისის ნაკრები ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდა.
ინგლისელები მე-15 წუთისთვის 2:0 დაწინაურდნენ, ესპანეთმა ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ინგლისმა მესამე გოლიც გაიტანა და 25 ივნისს ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
22 ივნისს დარჩენილი ორი მეოთხედფინალი გაიმართება – 20:00 საათზე დანია საფრანგეთს ეთამაშება, ხოლო 23:00 საათზე გერმანია იტალიას დაუპირსიპირდება.