ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 15 აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება #1TVSPORT
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების თამაშებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 15 აპრილს, 13:00 საათიდან დაიწყება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია: „უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ქართველი ქომაგისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფა-ს ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/

პორტალზე შესასვლელად საჭიროა, შექმნათ პირადი გვერდი, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.

ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფა-ს პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:

პირველი კატეგორია – 200 ევრო

მეორე კატეგორია – 150 ევრო

მესამე კატეგორია – 60 ევრო

მეოთხე კატეგორია – 30 ევრო

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard-ი). ბილეთის ფასს ბანკის მოსაკრებელი არ ემატება.

სასურველი ბილეთის შერჩევისა და შესყიდვის განსახორციელებლად თითოეულ მომხმარებელს 15 წუთი აქვს. საბანკო ოპერაციის დასრულების შემდეგ ბილეთის შეძენის დამადასტურებელი წერილი თქვენი პირადი პროფილის შესაბამის განყოფილებაში აისახება და თქვენ მიერ მითითებულ პირად ელფოსტაზე გამოიგზავნება. თამაშის ბილეთს მოგვიანებით, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებთ“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას „ჯვაროსნები“ 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავენ.