ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები კვიპროსს მასპინძლობს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები კვიპროსს მასპინძლობს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩაატარა. ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდულ ნაკრებში შექმნილი საკადრო პრობლემების გამო, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული გაბრიელ სიგუა 15 ოქტომბრიდან 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება და შვედეთთან მატჩისთვის (17 სექტემბერს) რამაზ სვანაძის გუნდში მოემზადება.

საქართველოსა და კვიპროსის მატჩი რეალურად, ჯგუფის აუტსაიდერების დაპირისპირებაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის თეორიული შანსი, რომ „ჯვაროსნებმა“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავონ. თუმცა, შესარჩევ ციკლში ნაჩვენები თამაში ამის რეალურ შესაძლებლობას ამცირებს.

საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების პირველი შეხვედრა ნიქოზიაში 17 ივნისს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო.

მწვრთნელები

ვილი სანიოლი: „დღევანდელ ფეხბურთში გუნდებს შორის სხვაობა ძალიან შემცირდა. კვიპროსზე მოგება გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიეთ. იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრაც საჩვენოდ წარიმართება. თუმცა, ქულები კვიპროსსაც ძალიან სჭირდება და ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა.

კვიპროსი დაცვაში კომპაქტურად თამაშობს, ასეთ დროს აუცილებელია მოთმინება და იმის გაცნობიერება, რომ მიზნის მიღწევა სწრაფად შეუძლებელია. გვაქვს რესურსი, რომ ასეთ რთულ მეტოქესთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

თემურ ქეცბაია: “საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ვეცდებით, რომ პირველი ქულები თბილისში მოვიპოვოთ. რთულ შეხვედრას ველოდებით. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და შევეცდებით, შესაძლებლობები ამჯერადაც ბოლომდე გამოვავლინოთ.

რა სიურპრიზი უნდა მოვამზადოთ, ამ თამაშამდე არაფერი მოგვიგია. საქართველოს ნაკრებთან იყო ერთი მატჩი, სადაც ახლოს ვიყავით ქულის აღებასთან. იმედია, შედეგს ხვალ მივაღწევთ, თუმცა, ეს რთული იქნება“.