ევრო 2024-ის პლეი ოფი | გამოცემა Gazzetta - საბერძნეთის ნაკრებს არ აქვს გარანტია, რომ ყაზახეთთან აუცილებლად გაიმარჯვებს #1TVSPORT
ევრო 2024-ის პლეი ოფი | გამოცემა Gazzetta - საბერძნეთის ნაკრებს არ აქვს გარანტია, რომ ყაზახეთთან აუცილებლად გაიმარჯვებს #1TVSPORT

გამოცემა Gazzetta.gr-ის ჟურნალისტი ვასილის სამბრაკოსი საბერძნეთის ეროვნულ გუნდს მოუწოდებს, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთთან მატჩს სერიოზულად მიუდგნენ და მეტოქე დააფასონ.

„რაღაც მიზეზის გამო, რომლის გაგებაც შეუძლებელია, არსებობდა ირაციონალური დასაბუთება, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ პლეი ოფის ფინალზე და არა ყაზახეთთან მომავალ მატჩზე. თითქოს ეს ძალიან სუსტი გუნდია. ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ნაკრები დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე არ გასულა.

ფიფა-ს რეიტინგში ყაზახეთს 51-ე ადგილით ვუსწრებთ, მაგრამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ ორი გუნდის გამოსვლას თუ შევადარებთ, მაშინ ჩვენ შორის განსხვავების პოვნა არც ისე ადვილი იქნება.

დანიასთან, სლოვენიასთან, ფინეთთან, ჩრდილოეთ ირლანდიასა და სან მარინოსთან 10 თამაშიდან ყაზახეთმა ექვსი მოიგო, ოთხი წააგო და 18 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. ყაზახეთმა დაამარცხა დანია, ფინეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. ასეთ გუნდთან საბერძნეთი დღეს ვერ იქნება დარწმუნებული, რომ მოიგებს.

საბერძნეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად უნდა აჯობოს გუნდს, რომელიც აღმავლობის გზაზეა. ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელები ათენში მოდიან იმ განწყობით, რომ გმირები გახდებიან.

ერთ საკვალიფიკაციო ციკლში მათ თითქმის იმდენი გამარჯვება (ექვსი) მოიპოვეს, რამდენიც წინა ოთხ ევროშესარჩევ რაუნდში ერთად (შვიდი). ბერძნები, ცხადია, უნდა ვიყოთ ოპტიმისტები, მაგრამ აჯობებს, მიწაზე დავეშვათ და მეტოქის ძალა გონივრულად შევაფასოთ“, – წერს ვასილის სამბრაკოსი.

საქართველო-ლუქსემბურგის და საბერძნეთი-ყაზახეთის ნახევარფინალური შეხვედრები 21 მარტს გაიმართება. გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს 26 მარტს პლეი ოფის ფინალში ევრო 2024-ის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან.