ევრო 2023 -ზე საქართველოში ბევრი იტალიური და ესპანური კლუბის მენეჯერები გვესტურებიან #1TVSPORT
ევრო 2023 -ზე საქართველოში ბევრი იტალიური და ესპანური კლუბის მენეჯერები გვესტურებიან #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერებმა ქართულ ფეხბურთის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზარდა – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა ლევან სეთურიძემ განაცხადა.

„კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა ტოპ-ლიგებში კარგი თამაშით ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ქართული ფეხბურთისა და მოთამაშეების მიმართ ინტერესი ძალიან გაზარდეს“, – ამბობს ლევან სეთურიძე.

ქართველი მენეჯერის თქმით, მომავალ წელს ახალაგზრდულ ევროპის ჩემპიონატზე იტალიური და ესპანური კლუბების წარმომადგენლები გვესტუმრებიან.

„საქართველოში ევრო 2023 რომ ჩატარდება, თქვენ ნახავთ, რამდენი კლუბის სკაუტი და მენეჯერი გვესტუმრება. მე რაც ვიცი, სერია A-ს 10-15 კლუბის სპორტული დირექტორები და მენეჯერები იქნებიან. ჩამოსვლას ესპანეთის ლა ლიგის კლუბების წარმომადგენლებიც გეგმავენ“, – ამბობს ახალგაზრდა მენეჯერი.

ლევან სეთურიძე ბოლო წლებში განხორციელებული ტრანსფერებით ცნობილი საფეხბურთო აგენტი გახდა – მან გადაიყვანა „ლევანტეში“ გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“, ხოლო გიორგი კოხრეიძე – „გრენობლში“.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.