ევრო 2023 I ბელგიის ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს - მოთამაშეები, შესაძლოა, საქართველოსთან მატჩამდე დაიმატონ #1TVSPORT
ევრო 2023 I ბელგიის ნაკრებს საკადრო პრობლემები აქვს - მოთამაშეები, შესაძლოა, საქართველოსთან მატჩამდე დაიმატონ #1TVSPORT

ევრო 2023-ის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ბელგიის ნაკრებს საკადრო პრობლემები შეექმნა და, შესაძლოა, მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრებიდან ორი მოთამაშე დაიმატოს. ეს ყველაფერი მეორე ტურში, საქართველოსთან, – ამის შესახებ ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟაკ მატიისენმა ტუბიზეში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ „ბარნლის“ მცველი ამინ ალ-დაჰილი და „სერკლ ბრიუგეს“ ფორვარდი ოლივიე დემანი ბელგიის ეროვნულ გუნდში გამოიძახეს. ამავე დროს, „ანტვერპენის“ ნახევარმცველი არტურ ვერმეერენი ისევ ტრავმირებულია. ჯერ მათ შემცვლელად არავინ დაუსახელებიათ, ოფიციალური სია კი უეფა-ს 14 ივნისს უნდა წარუდგინონ.

„უპირველეს ყოვლისა, ოლივიე დემანსა და ამინ ალ-დაჰილს ეროვნულ ნაკრებში გამოძახება უნდა მივულოცო. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ არტურ ვერმერენი ტრავმირებულია. ის საქართველოში ვერ წავა. ვისურვებდი, იქ ყოფილიყო.

ალბათ მოგვიანებით დემანი და ალ-დაჰილი შემოგვიერთდებიან, ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ფედერაციისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ავსტრიისა და ესტონეთის წინააღმდეგ ეროვნული გუნდის თამაშებია“, – თქვა ჟაკ მატიისენმა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პირველ ტურში 21 ივნისს პორტუგალიას შეხვდება, 24 ივნისს – ბელგიას. 27 ივნისს სვანაძის გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი „დინამო არენაზე“ შედგება და 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.