ევრო 2022-ის საუკეთესო ეპიზოდებში ელისანდროს გოლი და თოფურიას მომენტი მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრო 2022-ის საუკეთესო ეპიზოდებში ელისანდროს გოლი და თოფურიას მომენტი მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

უეფა-მ ევრო 2022-ის საუკეთესო მომენტების ვიდეო გამოაქვეყნა და ამ შთამბეჭდავ ეპიზოდებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ელისანდროს გოლი და შოთა თოფურიას ტექნიკური მომენტი მოხვდა.

„ტექნიკა და ილეთები ფუტსალის ევრო 2022-ზე – ნახეთ ნიდერლანდებში გამართული ფინალური ეტაპის ტურნირის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები“, – წერია უეფა-ს გვერდზე.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ევრო 2022-ზე სადებიუტო შეხვედრაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბევრად გამოცდილი აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

ელისანდრომ გოლი მე-10 წუთზე გაიტანა, როდესაც აზერბაიჯანის ნაკრები 2 გოლით იყო დაწინაურებული და სოლიდურ უპირატესობას ფლობდა. საქართველოს ნაკრების ბრაზილიელმა შემტევმა ეფექტური მოძრაობით მეტოქე ჩამოიშორა და კიდევ უფრო ეფექტური გოლით სხვაობა შეამცირა, რაც ჩვენი გუნდის გამარჯვების საფუძველი გახდა.

უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, ელისანდროს ეს გოლი ევრო 2022-ის მესამე სათამაშო დღის მთავარ ეპიზოდად აღიარა.

„დღის ტექნიკური მომენტი: ელისანდრო (საქართველო) – ისიამოვნეთ საქართველოს ნაკრების ფორვარდის ბრწყინვალე შემობრუნებითა და გოლით აზერბაიჯანთან მოგებულ შეხვედრაში“, – წერდა უეფა-ს გვერდი.

აქვე ვიტყვით, რომ უეფა-მ ევრო 2022-ის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს მოგება აზერბაიჯანთან ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიად მონათლა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და ჯამში ისტორიული შედეგი დააფიქსირა – ავთანდილ ასათიანის გუნდი კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდა.