ევრო 2022 ფუტსალში | საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევრო 2022 ფუტსალში | საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, 29 იანვარს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დასკვნით შეხვედრას გამართავს – ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

აზერბაიჯანთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებული მატჩების მსგავსად, ევრო 2022-ის ერთ-ერთ ფავორიტთან გასამართ შეხვედრასაც გრონინგენის „მარტინი პლაზა“ უმასპინძლებს. წინა მატჩებისგან განსხვავებით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველო-ესპანეთის მატჩს ათასამდე გულშემატკივარი დაესწრება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა ბოლო ვარჯიში გამართეს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, შეძლებს თუ არა ელისანდრო ესპანეთთან შეხვედრაში მონაწილეობას, დღეს გახდება ცნობილი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი კი პირველი ტურის შემდეგ უცვლელია.

სამი ფეხბურთელი – ალექსანდრე ჯამბურია, ვახტანგ ჯვარაშვილი და ნუკრი ჭუმბურიძე (სამივე – თელასი, საქართველო) ესპანეთთან განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: ირაკლი თოდუა, შოთა თოფურია (ორივე – თელასი, თბილისი, საქართველო), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი – ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო) ესპანეთთან განაცხადში არ იქნებიან და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადებიან

29 იანვარი

გრონინგენი. 20:30

საქართველო – ესპანეთი

ამსტერდამი. 20:30

აზერბაიჯანი – ბოსნია-ჰერცეგოვინა

საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკვე გასულია და ქულის მოპოვების შემთხვევაში ჯგუფში პირველი ადგილს დაიკავებს. საქართველო-ესპანეთის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:30 საათიდან შემოგთავაზებთ.