ევრო 2021-ის შესარჩევში საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები 21 თებერვალს გაირკვევა
ევრო 2021-ის შესარჩევში საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები 21 თებერვალს გაირკვევა

ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა ხუთშაბათს, 21 თებერვალს ნიონში ადგილობრივი დროით 13:30 საათზე გაიმართება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უეფა-ს შტაბ-ბინაში, ქალთა შორის ევრო 2021-ში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა, 48 გუნდი არის დარეგისტრირებული. მონაწილეთა შორის არის ინგლისი, რომელიც ფინალურ ეტაპს, 2021 წლის ივლისში უმასპინძლებს. შესაბამისად, ის წილისყრაში არ მონაწილეობს. მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე, პირველად ეროვნული ნაკრების დონეზე იასპარეზებს კვიპროსის გუნდი. დებიუტი ექნება კოსოვოს ნაკრებსაც. რაც შეეხება აზერბაიჯანის ქალთა ეროვნულ ნაკრებს იგი 2009 წლის შემდეგ პირველად ჩაერთვება საკვალიფიკაციო ეტაპში.

კენჭისყრაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეხუთე კალათაშია გადანაწილებული ფარერის კუნძულების, მალტის, მაკედონიის, ესტონეთის, მონტენეგროს, ლატვიის, ლიეტუვას, აზერბაიჯანის, კვიპროსისა და კოსოვოს გუნდებთან ერთად.

კენჭისყრის შედეგად, 9 ჯგუფი შედგება, საიდანაც ორი ჯგუფი ექვს-ექვსი, ხოლო შვიდი ხუთ-ხუთი გუნდისგან დაკომპლექტდება. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, პირველად სწორედ, მეხუთე კალათში მოთავსებული გუნდების ჯგუფები გაირკვევა. ამის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეტოქეებს პირველ ოთხ კალათში გადანაწილებული გუნდებიდან დაელოდება.

უეფა-ს რეგულაციის მიხედვით კოსოვოს ეროვნული ნაკრები ვერ ითამაშებს ჯგუფში, სადაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ან სერბეთის ქალთა ეროვნული ნაკრებები მოხვდებიან.

შესარჩევი ჯგუფის მატჩები მიმოსვლითი ფორმულით 2019 წლის 26 აგვისტოდან, 2020 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

შესარჩევი ეტაპიდან, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობას, ცხრავე ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს, რომლებსაც, სამი საუკეთესო მეორე ადგილოსანი (გუნდები, რომლებსაც თავის მხრივ, ნაჩვენები ექნებათ კარგი შედეგები პირველ ადგილზე გასულ გუნდთან, შემდეგ, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებთან).

ჯგუფებში მეორე ადგილზე გასული დანარჩენი ექვსი გუნდი, 2020 წლის ოქტომბერში ფლეი-ოფში, ევროპის ჩემპიონატის ბოლო, სამ მონაწილეს გამოავლენს.

ინგლისამდე მისასვლელად ქალთა გუნდებს შემდეგი გზის გავლა უწევთ:

ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი:

2019 წელი

26 აგვისტო – 3 სექტემბერი

30 სექტემბერი – 8 ოქტომბერი

4-12 ნოემბერი

2020 წელი:

2–11 მარტი

6–14 აპრილი

1–9 ივნისი

14–22 სექტემბერი

2020 წლის 25 სექტემბერი – ნიონი, ფლეი-ოფის წილისყრა.

19 და 27 ოქტომბერი (ორ-რაუნდიანი) ფლეი-ოფი.

2020 წლის ბოლოს, ინგლისში გასამართი ფინალური ტურნირის წილისყრა.

2021 წლის ივლისი, ინგლისი, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი.