ევო მორალესმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
ევო მორალესმა მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკაში მიიღო. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მორალესი ამბობს, რომ სამშობლოში უფრო მეტი „ძალით და ენერგიით“ დაბრუნდება.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდმა დაადასტურა, რომ ევო მორალესი მექსიკის სამთავრობო თვითმფრინავში ავიდა.

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ქვეყნის ქალაქ ლა-პასში მისი მომხრეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ბოლივიის არმიის მეთაურმა არმიას პოლიციის დახმარება უბრძანა. დაპირისპირების შედეგად, 20 ადამიანი დაშავდა. თავად ევო მორალესმა მხარდამჭერებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ „ბნელ ძალებს“, რომლებმაც გადადგომა აიძულეს.

ახალი არჩევნების ჩატარებამდე, ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობას ბოლივიის სენატის ვიცე-სპიკერი შეასრულებს.

ევო მორალესი ბოლივიას 2006 წლის შემდეგ მართავდა. „ბიბისი“ წერს, რომ ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის სახელი სიღარიბესთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებას უკავშირდება, თუმცა ოქტომბერში მეოთხე ვადით კენჭისყრისა და სადავო გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.

დატოვე კომენტარი