ევანდერ ჰოლიფილდმა პირველ რაუნდში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
ევანდერ ჰოლიფილდმა პირველ რაუნდში წააგო [ვიდეო] #1TVSPORT

წარუმატებელი გამოდგა რინგზე დაბრუნება ლეგენდარული ამერიკელი მძიმეწონოსნისთვის ევანდერ ჰოლიფილდისთვის. მან ჰოლივუდში (ლოს ანჯელესი, კალიფორნიის შტატი) მონაწილეობა მიიღო კომპანია Triller Fight Club-ის მიერ მოწყობილ საკრივო საღამოში. მეტოქედ UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ვიტორ ბელფორტი ჰყავდა.

ჰოლიფილდი პირველად გავიდა რინგზე მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ საკრივო კარიერა დაასრულა. ბელფორტს კი თავისი ბოლო შეხვედრა შერეულ ორთაბრძოლებში 2018 წლის დეკემბერში ჰქონდა ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ აქამდე მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი საკრივო ორთაბრძოლა მოდიოდა.

პუბლიკა აქტიურად უჭერდა მხარს ევანდერს და უკმაყოფილო დარჩა, როცა ბელფორტმა სწრაფად მოიპოვა უპირატესობა.

მართალია, 58 წლის ჰოლიფილდი თავის ასაკთან შედარებით ღირსეულად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი პლასტიკისგან, სისწრაფისგან და გამძლეობისგან თითქმის არაფერი დარჩა. ბრძოლის დაწყებიდან ძალიან მალე ამერიკელმა მძიმე აპერკოტი გაუშვა და ნოკდაუნზე დავარდა. რეფერიმ ევანდერს წამოდგომისა და ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა, მაგრამ რამდენიმე წამში ბრაზილიელი მორიგი კარგი შეტევით დაესხა თავს და მსაჯს ბრძოლის დასრულება მოუწია. შეხვედრა ორი წუთიც არ გაგრძელებულა.

ცალკე უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ბრძოლის კომენტატორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დატოვე კომენტარი