ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონთან ბრძოლაზე მოლაპარაკებები დაიწყო
ევანდერ ჰოლიფილდმა მაიკ ტაისონთან ბრძოლაზე მოლაპარაკებები დაიწყო

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, 58 წლის ევანდერ ჰოლიფილდმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს 54 წლის მაიკ ტაისონთან მესამე ბრძოლის გამართვაზე.

„რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩემი გუნდი ელაპარაკება მაიკის აგენტებს და ველოდები გადაწყვეტილებას. მოლაპარაკებები სწორედ ახლა მიმდინარეობს.

საქმე იმაშია, რომ მე ჯერ ისევ ვვარჯიშობ ამ ბრძოლისთვის. ვიცი, რომ ეს გარიგება აუცილებლად შედგება. და მზად ვარ ამისთვის. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ევანდერმა.

ტაისონი და ჰოლიფილდი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – 1996 წელს ჰოლიფილდმა გაიმარჯვა, ერთი წლის შემდეგ კი ტაისონმა დისკვალიფიკაცია მიიღო იმის გამო, რომ მეტოქეს ყურზე უკბინა.

ჰოლიფილდი დარწმუნებულია, რომ მათი მესამე ბრძოლა, რომლის მონაწილეთა საერთო ასაკი 112 წელი იქნება, მინიმუმ 200 მილიონ დოლარს შეაგროვებს.

„ჩემი ხედვა ისეთია, რომ ყოველთვის შემიძლია დავეხმარო ადამიანებს. ვცდილობ გადავცე სიკეთე, რომელიც მე თავის დროზე გადმომცეს. მომწონს მაქსიმუმი სარგებლის მიღწევა იმისგან, რაც მაქვს. მჯერა, რომ თუ მაიკთან ვიჩხუბებ, ეს ბრძოლა 200 მილიონ დოლარს მოიტანს. ბედნიერი ვიქნები, თუ მაიკი მიიღებს წინადადებას“, – ამბობს ჰოლიფილდი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 29 ნოემბერს ტაისონმა საგამოფენო ბრძოლა ჩაატარა 51 წლის როი ჯონსთან. შეხვედრა ფრედ დასრულდა.