ევანდერ ჰოლიფილდმა 17 წლის ტაისონთან ჩხუბი გაიხსენა
ევანდერ ჰოლიფილდმა 17 წლის ტაისონთან ჩხუბი გაიხსენა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ევანდერ ჰოლიფილდმა გაიხსენა მაიკ ტაისონთან ჩხუბი, როცა ის 21 წლის იყო, მაიკი კი 17 წლის. მაშინ ორივენი მოყვარულები იყვნენ და კოლორადოში ოლიმპიური მომზადების ცენტრში ვარჯიშობდნენ – ჰოლიფილდი ნახევრადსაშუალო წონაში და ტაისონი – მძიმე წონაში.

„მე და ტაისონი მეგობრები ვიყავით. ის ყოველთვის ნოკაუტში აგდებდა თავის სპარინგ-პარტნიორებს, რადგან შესაფერისი ძალის მეტოქეები არ ჰყავდა. მე ვკითხე: „ჩემთან ჩხუბი ხომ არ გინდა?“ მან მიპასუხა: „შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ?! არ მინდა ტკივილი მოგაყენო“. შეურაცხყოფილი დავრჩი, რადგან ის 17 წლის იყო, მე კი 21 წლის. ზრდასრული მამაკაცი ვიყავი. ვუთხარი: „რას მეუბნები? შენ შეგიძლია ტკივილი მომაყენო?“

მას უბრძანეს, რომ მხოლოდ მარცხენა ხელი გამოეყენებინა, მაგრამ მე პროტესტი გამოვთქვი: „არავითარ შემთხვევაში, ორივე ხელით იჩხუბე“. მან მარჯვენათი დამარტყა და კინაღამ რინგიდან გადამაგდო, მაგრამ, როცა არ მირტყამდა, ვახერხებდი კომბინაციების ჩატარებას. ვიცოდი, რომ მას უფრო მეტჯერ დავარტყი, ვიდრე სხვა ნებისმიერმა სპარინგ-პარტნიორმა. ბოლოს კი ცუდ დღეში ჩავაგდე. ის არასოდეს ივიწყებდა ამას და არც მე“, – მოჰყავს 58 წლის ჰოლიფილდის სიტყვები SportBible-ს.

პროფესიულ რინგზე ლეგენდარული ამერიკელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ ჰოლიფილდმა გაიმარჯვა. მეორე ბრძოლისას, ტაისონმა ჰოლიფილდს ყურზე უკბინა.