ეუთო - უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე სამართლიანი კონკურენციის ნაკლებობა შეინიშნებოდა
ეუთო - უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე სამართლიანი კონკურენციის ნაკლებობა შეინიშნებოდა

ეუთო უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისთვის სამართლიანი კონკურენციის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნებზე ფუნდამენტური უფლებები მთლიანობაში დაცული იყო.

„მთავრობის გადაჭარბებულმა სარეკლამო ხარჯებმა, რამაც მმართველი კოალიციის კამპანიის გზავნილები გააძლიერა, ხელი შეუშალა ოპონენტების შესაძლებლობას, გაეწიათ თანაბარი კონკურენცია“, – განაცხადა ეუთო-ს წარმომადგენელმა დუგლას ვეიკმა.

ეუთო-ში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს აბრკოლებდა „ქსენოფობიური რიტორიკა, მედიის მიკერძოებულობა და კამპანიის გაუმჭვირვალე დაფინანსება“.

„ძირითადი უფლებები და თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა ხორციელდებოდა არახელსაყრელ გარემოში. ინფორმაციისადმი წვდომა, მედიისა და ასოციაციების თავისუფლება შეზღუდული იყო, მათ შორის ბოლო სამართლებრივი შესწორებებით“, – განაცხადა ეუთო-ს წარმომადგენელმა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ხმების 50 პროცენტი მიიღო. ამგვარად, „ფიდესისა“ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის კოალიციამ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნა.