ეუთო-ს თავმჯდომარემ ბელარუსის ხელისუფლებას მინსკში მისი ვიზიტის ორგანიზება სთხოვა
ეუთო-ს თავმჯდომარემ ბელარუსის ხელისუფლებას მინსკში მისი ვიზიტის ორგანიზება სთხოვა

ეუთო-ს თავმჯდომარემ ბელარუსის ხელისუფლებას მინსკში მისი ვიზიტის ორგანიზება სთხოვა. შესაბამისი წერილი ედი რამამ ბელარუსის მთავრობას უკვე გადაუგზავნა. ინფორმაცია ეუთო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც რამა აცხადებს, მას ბელარუსში ჩასვლა ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთან ერთად სურს.

„ჩვენ ვიმეორებთ, რომ შეშფოთებულები ვართ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, რომელზე დაკვირვების საშუალებაც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ. ასევე, შეშფოთებას იწვევს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მასობრივი დაკავებები და ძალოვანების მხრიდან წამების შესახებ გავრცელებული ცნობები“, – განაცხდა ედი რამამ.

მისივე თქმით, ეუთო მხარს უჭერს ღია და კონსტრუქციულ დიალოგს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები მათ წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტას, მოძალადეების დასჯას, პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.