ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების უფლებების ოფისი (ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართელოს მთავრობის მოწვევით დღეს გახსნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია (EOM) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

სადამკვირვებლო მისია ელჩ ჯილიენ სტირკის ხელმძღვანელობით შედგება ძირითადი გუნდის 13 ექსპერტისა და 27 გრძელვადიანი დამკვირვებლისაგან. დამკვირვებლები პირველი ოქტომბრიდან გადანაწილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთანავე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) გეგმავს მოითხოვოს ეუთოს წევრი ქვეყნებისაგან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლა უშუალოდ არჩევნების დღემდე რამოდენიმე დღით ადრე.

მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთოს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პროცესის ფუნდამენტურ ასპექტებს – კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასა და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. მისი ასევე შეაფასებს საარჩევნო კამპანიის გაშუქებას მედიაში.

სადამკვირვებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია შეხვედრა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

არჩევნების დღეს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია (ODIHR EOM), ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების​ დათვლასა და შედეგების შეჯამებას.

სადამკვირვებლო პროცესის მიმდინარეობისას გამოქვეყნდება შუალედური ანგარიში საზოგადოებისა და მედიის ინფორმირების მიზნით. არჩევნების მომდევნო დღეს პრესკონფერენციაზე გაკეთდება განაცხადი არჩევნების წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში, რომელიც შეაჯამებს სადამკვირვებლო პროცესს და გასცემს რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ“, – აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის OSCE/ODIHR სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.