ესტონეთთან გვილიაც დაგვაკლდება - ვაისი სხვა შემადგენლობას ამზადებს
ესტონეთთან გვილიაც დაგვაკლდება - ვაისი სხვა შემადგენლობას ამზადებს

ლიტვასთან (4:0) გამარჯვების შემდეგ, 27 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. დღეს კი გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართა, რომელშიც 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ტრავმირებული ჯანო ანანიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის (რომელიც ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდა) შემდეგ, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვაკო გვილიაც დააკლდა. ამის შესახებ 26 მარტს მედიასთან შეხვედრისას „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ხვალ ესტონეთთან, ანანიძესთან და ჩაკვეტაძესთან ერთად, ვერც გვილია დაგვეხმარება, რადგან ლიტვასთან მუხლის არეში მცირე დარტყმა მიიღო და სათამაშოდ მზად არ არის. ჩაკვეტაძე კი, შეთანხმების თანახმად, კლუბს დაუბრუნდა“, – ამბობს ვაისი.

ესტონეთის ეროვნული გუნდი თბილისში ერევნიდან დღეს ჩამოფრინდა, სადაც სომხეთთან 24 მარტის შეხვედრა 0:0 დაასრულა. ვაისის თქმით, ბალტიისპირელებთან საქართველოს ნაკრები განსხვავებული შემადგენლობითა და ტაქტიკით ითამაშებს.

„ესტონეთთან სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ეს გუნდი ლიტვაზე ძლიერია, სხვა სქემით თამაშობს და დაცვაში მჭიდროდ დგას. მთელ შემადგენლობას არ შევცვლი, მაგრამ 5-6 ცვლილება იქნება და ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც ლიტვის წინააღმდეგ მოედანზე არ გასულან. ტაქტიკაც განსხვავებული გვექნება, რადგან ანანიძე, ჩაკვეტაძე და გვილია დაგვაკლდებიან“, – აღნიშნა ვაისმა.

ჯანო ანანიძეზე სლოვაკმა სპეციალისტმა ცალკე ილაპარაკა.

„ორი კვირის წინ მოსკოვში „სპარტაკის“ ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მასიმო კარერას შევხვდი. მწვრთნელს ვკითხე – იყო თუ არა ჯანო სათამაშოდ მზად. მან მიპასუხა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ ის ნაკრებშიც სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა. ასევე ვესაუბრე ჯანოს და ის თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვწუხვარ ჯანოს ტრავმის გამო, ისევე, როგორც ყველა ქართველი გულშემატკივარი. ეს ჩვენთვის ცუდი ამბავია, ისევე, როგორც მჭედლიძისა და ოქრიაშვილის არყოფნა. თუმცა, სამივეს ჯანმრთელობას ვუსურვებ და იმედი გვაქვს, რომ ისინი ერთა ლიგისთვის დაგვიბრუნდებიან“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.