ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის სამარცხვინოა
ესტონეთის პრეზიდენტი - რუსეთის დაბრუნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის სამარცხვინოა

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნების გადაწყვეტილების გამო მკაცრად აკრიტიკებს.

„გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სამარცხვინო“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრაში ესტონეთის დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა და ორგანიზაციაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა.

25 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული. დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. მისი ავტორი რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერია.

დატოვე კომენტარი