ესტონეთის ნაკრების კაპიტანი - ვეცდებით, ქართველებს სათამაშო განწყობა გავუფუჭოთ
ესტონეთის ნაკრების კაპიტანი - ვეცდებით, ქართველებს სათამაშო განწყობა გავუფუჭოთ

ესტონეთის ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი კონსტანტინე ვასილიევი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მთავარ უპირატესობას წაართმევს.

„საქართველოს ნაკრები ყოველთვის ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ადრეც გვითამაშია და მათი სტილი კარგად ვიცით. შესაძლოა, სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა მათი თამაში ცოტათი დააბალანსა, მაგრამ საქართველოს კოზირი ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია. მათი საფეხბურთო კულტურაც ვიცით, ისინი მოედანზე ქედმაღლები არიან. ჩვენ მათი „კოზირების“ განეიტრალებას შევეცდებით“, – ამბობს ვასილიევი.

36 წლის ვეტერანმა ნახევარმცველმა იმ სტრატეგიაზეც ილაპარაკა, რომელმაც, მისი აზრით, ესტონეთის ნაკრებს წარმატება უნდა მოუტანოს: „ჩვენ ბურთი უნდა გავაკონტროლოთ და თუ ქართველებს უბურთოდ დავტოვებთ, ამით სათამაშო განწყობას გავუფუჭებთ”.

ვასიელიევი გულდაწყვეტილია, რომ გულშემატკივრები არ გაამხნევებენ, მაგრამ საშინაო არენის უპირატესობის გამოყენებას იემდოვნებს: „ფეხბურთი მაყურებლისთვისაა, რომლისგანაც ფეხბურთელმა ენერგია უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ისინი შეხვედრას ვერ დაესწრებიან. თუმცა, საშინაო არენის უპირატესობა ჯერ არავის გაუუქმებია. „ა ლე კოკ არენა“ ისევ ჩვენი სტადიონია, სადაც მოედნის ყველა გოჯს ვიცნობთ. . საქართველოს კი მგზავრობა და ვითარებასთან შეგუება მოუწევს. ეს ჩვენი უპირატესობა იქნება“.

ესტონეთის ნაკრები საქართველოს C2 ჯგუფში შაბათს, 5 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველ მატჩში უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 20:00 საათზე დაიწყება.